კურტ ვოლკერი: ჩვენი ახალი ელჩის მიმართ ტონი უკეთესია, ამერიკამ და საქართველომ ერთობლივი მუშაობა უნდა გააგრძელონ

ამერიკელ ანალიტიკოსთა ნაწილი ივანიშვილის გადაწყვეტილებას - დაბრუნდეს პოლიტიკაში, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და საზოგადოების მხრიდან „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერის შესაძლო კლებას უკავშირებს. NATO-ში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის და უკრაინის საკითხებში თეთრი სახლის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის თქმით, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება, „შესაძლოა, აჩვენებდეს მის შეშფოთებას, რომ „ქართული ოცნება“ იმდენად კარგად არ მუშაობდა, როგორც მას სურდა.“


ამერიკის ხმის ცნობით, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ, გასული წლის განმავლობაში წარმოებული ანტიამერიკული, ანტიდასავლური რიტორიკაა. ისინი იმედოვნებენ, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ფორმალური დაბრუნება ამ ტენდენციას შეცვლის.


კურტ ვოლკერი ამბობს, რომ ამგვარი რიტორიკა უკვე შეცვლილია. მისი თქმით, ამერიკისა და საქართველოს საერთო მიზანი იმაში დარწმუნებაა, რომ საქართველო რუსეთზე დაკისრებულ საერთაშორისო სანქციებს ასრულებს.


„ჩვენი ახალი ელჩის მიმართ ტონი უკეთესია. ზოგიერთი არასწორი რამ, რაც შეერთებულ შტატებზე ბოლო დროს ითქვა - მაგალითად ის, რომ თითქოს, შეერთებული შტატები ომის "მეორე ფრონტის გახსნას" ცდილობდა და სურდა საქართველო ამ კონფლიქტში ჩაეთრია, აღარ განმეორებულა.

ვფიქრობ, ამერიკამ და საქართველომ უნდა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების განხორციელების კუთხით ყველაფერს სწორად აკეთებს. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ მისი ფინანსური ინსტიტუტები შესაძლოა, რაიმე სახის სანქციებს დაექვემდებაროს. იმაში დარწმუნება, რომ ეს არ მოხდება, ვფიქრობ, შეერთებული შტატებისა და საქართველოს საერთო მიზანია,“ - განუცხადა „ამერიკის ხმას“ ვოლკერმა.