ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩადის

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩოე სონ ჰუი 15-17 იანვარს რუსეთს ეწვევა.

ჩინური მედიის ინფორმაციით, ვიზიტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიწვევით განხორციელდება.

ცნობისთვის, ოქტომბერში ლავროვი ფხენიანს ეწვია. ვიზიტი რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 75 წლის იუბილის აღსანიშნავად შედგა. ლავროვი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მიიღო.


ახლანდელი ვიზიტის მიზანი არ გამოცხადებულა, მაგრამ ის შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მოსკოვსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღის მიწოდების საკითხზე თანამშრომლობასთან.

სამხრეთ კორეის დაზვერვის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ უკვე მიაწოდა რუსეთს მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი უკრაინაში გამოსაყენებლად.


 კონტექსტი

შეერთებულმა შტატებმა პირველად 4 იანვარს განაცხადა, რომ ფხენიანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა. ერთი მათგანი რუსეთმა უკრაინაში 30 დეკემბერს გამოიყენა. ამერიკული წყაროების ცნობით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან შეძენილი რაკეტა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 2 იანვარსაც.

10 იანვარს ევროკავშირმა და ათობით ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გმობენ.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მოიპოვა პირველადი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რუსი ოკუპანტები იყენებდნენ ჩრდილოეთ კორეაში წარმოებულ რაკეტებს უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმისას. მათ შორის, 2 იანვარს ქალაქ ხარკოვზე თავდასხმისას. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა 11 იანვარს განაცხადა.


12 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტის გადაცემის საპასუხოდ, სანქციები აამოქმედა.

აშშ-ის მიერ სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის სახელმწიფო ავიაკომპანია, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მყოფი „224 მფრინავი რაზმი“, მისი დირექტორი ვლადიმირ მიხეიჩიკი და ასტრახანის ოლქში მდებარე ორი პოლიგონი.