ბოლო პერიოდში, რესპირაციული ინფექციების შემთხვევები გაიზარდა, მაგრამ საპანიკო არაფერია - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, რესპირაციული ინფექციებით შემთხვევების ზრდა აღინიშნება, მომატებულია კლინიკების დატვირთვაც, მაგრამ ამის დრამატიზება აბსოლუტურად არ არის საჭირო, საპანიკო არაფერია.

ცერცვაძის თქმით, ტყუილია, თითქოს, კლინიკებში ადგილები არ არის.

„ბოლო პერიოდში, რესპირაციული ინფექციებით შემთხვევების ზრდა აღინიშნება, გაზრდილია კლინიკების დატვირთვაც. ეს სინამდვილეა, მაგრამ არ არის სწორი, როდესაც ცალკეული ექსპერტები, თუ მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში „დრამატული ვითარებაა“, „კლინიკებში ადგილები აღარ არის“, „მშობლები ბავშვებით კლინიკის რიგში დგანან“. ობიექტური შეფასებით, ქვეყანაში რესპირაციული ინფექციებით პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ აბსოლუტურად არ არის საჭირო ამის დრამატიზება, საპანიკო არაფერია. ეს ზრდა მოსალოდნელი იყო. გასული სამი წლის განმავლობაში იმიტომ იყო რესპირაციული ინფექციების ნაკლები რაოდენობა, რომ მაშინ COVID-19 დომინირებდა, სახელმწიფო და მთელი მსოფლიო ეფექტიან საპასუხო ზომებს იღებდა, ეს იყო პირბადის ტარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან თავის შეკავება, მასობრივი შეკრებების შეზღუდვა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რესპირაციული ინფექციების გავრცელების პრევენციას ახდენდა. შედეგად, ყველა ამ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი, ბოლო 3 წელი შემცირებული იყო. წელს, როდესაც COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, რესპირაციული ინფექციების გავრცელების მაჩვენებელმა მოიმატა იმ ფარგლებში, რაც COVID-19-მდე იყო.


ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში, ყოველწლიურად მხოლოდ გრიპისგან საშუალოდ 290 000-650 000-მდე ადამიანი იღუპება. საქართველოში, გასულ წელს გრიპით გარდაცვალების დაახლოებით 20-მდე შემთხვევა გვქონდა, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. 2024 წელს გრიპით გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევები არ გვაქვს. თითქოს, ბევრია რესპირაციული ინფექციების შემთხვევების რაოდენობა, ეს ხელოვნურ პანიკას იწვევს, მაგრამ ამ დროს, ლეტალური შემთხვევები არ გვაქვს,“ - აცხადებს ცერცვაძე.


მისივე განმარტებით, „გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია.“

„ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა გაიზარდა, მაგრამ არავითარ გადატვირთვას არ აქვს ადგილი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ტყუილია, თითქოს, კლინიკებში ადგილები არ არის. შესაძლოა, რომელიღაც ბავშვთა საავადმყოფოში რამდენიმე დღით გადაიტვირთა კლინიკა, მაგრამ შეგახსენებთ, რომ უამრავი სხვა კლინიკა გვაქვს. ინფექციური პროფილის წამყვან კლინიკებში საწოლფონდი სანახევროდ არის დატვირთული. თუ რესპირაციული ინფექციებით ბავშვთა რაოდენობამ იმატა, რატომ არ მიჰყავთ ისინი მაგალითად, ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც თავისუფალი ადგილები საკმარისადაა, ისევე როგორც ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც ფუნქციონირებს ბავშვთა ინფექციების განყოფილება 40 საწოლზე? ასე რომ, ქვეყანაში საწოლფონდის არანაირი გადატვირთვა არ არის. ადგილები საკმარისზე მეტი გვაქვს,“ - აღნიშნავს ცერცვაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.