ფულადი გზავნილები 42,4%-ით შემცირდა - ყველაზე დიდი კლებაა რუსეთიდან

2023 წლის დეკემბერში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 42,4%-თ შემცირდა.  განახლებული მონაცემების შესახებ ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, გასულ თვეში სხვა ქვეყნებიდან საქართველოში 308,3 მილიონი დოლარი (828,1 მლნ ლარი) გადაირიცხა.

ფულად გზავნილებზე კლების ტენდენცია 2022 წლის დეკემბრიდან შეინიშნება, როცა 535,3 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა საქართველოში. 2023 წელს ჯამში გადმოირიცხა 4094,7 მილიონი ლარი.


პროცენტულად, ყველაზე დიდი 78%-იანი კლებაა რუსეთიდან ფულად გზავნილებზე. ამის მიუხედავად, საქართველოში ფულადი გზავნილების 23% მაინც რუსეთის ფედერაციაზე მოდის. ამ ქვყენის შემთხვევაშიც გადმორიცხვებზე კლების ტენდენცია 2022 წლის დეკემბრიდან შეინიშნება. 2022 წლის დეკემბერში საქართველოში მხოლოდ რუსეთიდან ($317,3 მილიონი) იმაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ვიდრე 2023 წლის დეკემბერში ყველა ქვეყნიდან ერთად. 2023 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 34 მლნ აშშ დოლარი (91,4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის დეკემბერის (33,8 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0,6%-ით მეტია.


ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

რუსეთის ფედერაცია - $70.58 მლნ;
იტალია - $49.68 მლნ;
აშშ - $46.19 მლნ;
გერმანია - $21.57 მლნ;
საბერძნეთი - $22.65 მლნ;
ისრაელი - $20.92 მლნ;
ყაზახეთი - $14.79 მლნ;
თურქეთი - $8.01 მლნ;
ესპანეთი - $5.9 მლნ;
საფრანგეთი - $5.09 მლნ;
ირლანდია - $4.95 მლნ;
აზერბაიჯანი - $4.19 მლნ;
გაერთიანებული სამეფო - $3.24 მლნ
პოლონეთი - $2.83 მლნ;
კანადა - $2.53 მლნ;