პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ეკლესიაზე თავდასხმაზე“ საუბრობს. ის იხსენებს, რომ „შობის დღესასწაულზე, სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ამჟამად თავს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტად წარმოაჩენს, გაავრცელა ვიდეოჩანაწერი საკათედრო ტაძრიდან, სადაც მან, მისივე თქმით, „სტალინის ხატი“ აღმოაჩინა.“
პარლამენტის თავმჯდომარე მიუთითებს, რომ ამ ფონზე, „რადიკალურმა ოპოზიციამ ახლახან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალი შეტევა წამოიწყო.“
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შეურაცხყოფასთან ერთად, კვლავ მითიური „პრორუსულობა“ დაგვაბრალა. ეს „რუსული“ არგუმენტი ჩვენს უსიცოცხლო ოპოზიციას უკვე ისე შემოაცვდა ხელში, რომ მათთვის სრულიად გამოუსადეგარი გახდა. და მაინც, ბოლო დროს მომხდარი მოვლენების ფონზე, საჭიროა, რომ ნათელი მოვფინოთ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობების ზოგიერთ ასპექტს. ეკლესიაზე თავდასხმა არამხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ, კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის დამაზიანებელიც.
პაპუაშვილის თქმით, „ის პოლიტიკოსები და „სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები“, რომლებიც ეკლესიას უტევენ, თუ გულწრფელად არიან დაინტერესებულნი, როგორც ქრისტიანები, ხატწერის თავისებურებებით თუ საეკლესიო დღესასწაულების თარიღებით, მაშინ ეს საკითხები ეკლესიასთან უნდა გაარკვიონ, როგორც მრევლის წევრებმა.“
„უფრო მეტიც, ისინი თავისუფალი არიან შეუერთდნენ ნებისმიერ სხვა კონფესიას, რომელიც შობას მათ სასურველ დღეს აღნიშნავს. მაგრამ სწორედ ის ფაქტი, რომ ისინი ეკლესიას თავიანთი მტრული რიტორიკით გარედან უტევენ, მოწმობს, რომ მათი ნამდვილი მიზანი ეკლესიის დაზიანებაა, რითაც რელიგიური და საერო სივრცის გამყოფ ხაზებს უგულებელყოფენ,“- განაცხადა პაპუაშვილმა ვრცელ წერილში.
ცნობისთვის, 7 იანვარს გასაჯაროვდა ცნობა, რომ სამების საკათედრო ტაძარში, პრორუსული პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ტაძრისთვის შეწირულ მატრონა მოსკოველის ხატზე გამოსახული იყო საბჭოღა დიქტატორი იოსებ სტალინი, რასაც აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს განაცხადა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.
სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეომასალა განათავსა, რომლის თანახმად, „წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს.“ გაირკვა, რომ საღებავი ნატა ფერაძემ გამოიყენა. სამების ტაძარში მომხდარ ამ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება 9 იანვარს დაიწყო. 10 იანვარს კი, აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან პროტესტის მონაწილეები შეიკრიბნენ.
11 იანვარს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.“
განცხადებას გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ ხატი ეკლესიას მან შესწირა. ინაშვილმა აღნიშნა, რომ საპატრიარქომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ხელისუფლების რჩევით მიიღო.“
„თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!" ამბობდა ინაშვილი.
12 იანვარს არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ შენდობას ითხოვს.
„მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის,“ - წერდა არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.
13 იანვარს, ჰომოფობიური და პრორუსული ორიენტაციის „ალტ ინფომ“ ნატა ფერაძის გასამართლების მოთხოვნით პარლამენტის წინ ისევ აქცია გამართა.