ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ნორვეგია და მოკავშირეები ერთიანი პალესტინის მთავრობის კონცეფციაზე მუშაობენ.
„ჩვენთან არაერთი ქვეყანა მუშაობს, ცდილობს ფართო ერთიანობის მთავრობა შექმნას,“ - განაცხადა ესპენ ბარტ ეიდემ.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტაზე მუშაობა აქტუალური ხდება, რადგან კონფლიქტი რეგიონში ვრცელდება.
„ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ პალესტინის ერთიანობაზე ვიმუშაოთ და დაინტერესებულ ქვეყნებთან ერთად მოდელებზე ვიფიქროთ“, - აღნიშნა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თავის მხრივ, კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის გარეშე მშვიდობის მიღწევა არ მოხდება.
„არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა იმისთვის, რომ რეალური გადაწყვეტის გარეშე, ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის გარეშე, დავუბრუნდეთ იმას, რაც 7 ოქტომბრამდე იყო,“ - განაცხადა შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ.
კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პალესტინელების გენოციდისკენ მოწოდებებს ისრაელის ექსტრემისტული მთავრობა აკეთებს.
„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, თუ როგორ დავასრულოთ ომი რაც შეიძლება მალე, როგორ გავათავისუფლოთ მძევლები და პალესტინელი პატიმრები, რათა დასავლეთ ნაპირზე არსებული პრობლემა გადავჭრათ,“ - აღნიშნა კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, 1992-1993 წლებში ნორვეგია ისრაელსა და პალესტინის განმათავისუფლებელ ორგანიზაციას შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, რის შედეგადაც მხარეებმა 1993 წელს ოსლოს ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.