რუსეთის პრეზიდენტობის მსურველმა მხარდაჭერისკენ მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან

რუსი პოლიტიკოსი, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „სამოქალაქო ინიციატივის“ მიერ რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებულ ბორის ნადეჟდინს მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგრვება თბილისშიც სურს. ბორის ნადეჟდინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2023 წლის 26 დეკემბერს მიმართა. კომისიამ ნადეჟდინის უფლებამოსილი პირები 28 დეკემბერს დაარეგისტრირა. კენჭისყრაში მონაწილეობისთვის ბორის ნადეჟდინის საარჩევნო შტაბმა 100 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა შეაგროვოს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეები დიდი რაოდენობით შემოვიდნენ.


ნადეჟდინმა 16 იანვარს, ღამით, ტელეგრამ-არხით მიმართა რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და განაცხადა, რომ კანდიდატურის მხარდასაჭერად შეუძლიათ ხელმოწერები თბილისშიც დატოვონ. მითითებულია კონკრეტული მისამართიც.

1999 წელს, ბორის ნადეჟდინი რუსეთის მესამე მოწვევის დუმის დეპუტატად „მემარჯვენე ძალთა კავშირიდან“ აირჩიეს. ამ პარტიის თანათავმჯდომარე იყო ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი, რომელიც 2015 წლის თებერვალში, მოსკოვში მოკლეს.


ცნობისთვის, ბორის ნადეჟდინი აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება ომს უკრაინაში და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ყველა მობილიზებულს სახლში დააბრუნებს. 2023 წლის მაისში, ნადეჟდინმა განაცხადა რომ დღევანდელი პოლიტიკური რეჟიმის პირობებში რუსეთი ევროპაში ვერ დაბრუნდება, ამიტომ ქვეყანამ, ახალი ხელმძღვანელობა უნდა აირჩიოს. რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 15–17 მარტს გაიმართება. კვლავ კენჭს იყრის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.