უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ 2024 წელს უკრაინის პრიორიტეტია, რუსეთს ცაზე კონტროლი ჩამოართვას.
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას დმიტრო კულებამ დასავლელ მოკავშირეებს მოთმინებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სწორი მხარდაჭერით, უკრაინას გამარჯვება შეუძლია. კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დახმარება უნდა მოიცავდეს უკრაინის F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას, რომლებიც უკვე პროცესშია, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, უპილოტო თვითმფრინავებისა და ელექტრონული საომარი ტექნიკის უზრუნველყოფას.
- „ჩვენ ვებრძვით ძალიან დიდ მტერს, რომელსაც არ სძინავს. ამას დრო სჭირდება.“
„2022 წელს ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი, 50%, რომელიც ადრე იყო ოკუპირებული რუსეთის მიერ. 2023 წელს ჩვენ გამოვიყვანეთ რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტი ჩვენი ტერიტორიული წყლებიდან და ამან საშუალება მოგვცა, აღვადგინოთ მარცვლეულის დერეფანი", რომელიც არ არის დამოკიდებული რუსეთზე.
2024 წელი - და ეს უნდა იყოს წელი, როდესაც უკრაინა რუსეთს ციდან გააგდებს. რადგან ის, ვინც აკონტროლებს ცას, განსაზღვრავს, როდის და როგორ დასრულდება ომი. 2022 წელს ჩვენ ისინი ხმელეთზე დავამარცხეთ. 2023 წელს ჩვენ ისინი ზღვაში დავამარცხეთ და 2024 წელს ჩვენ მათ ჰაერში დამარცხებაზე ვართ ორიენტირებული,“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.