28 თებერვალს, მიანმარში, პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის თანახმად, მიანმარის მასშტაბით, პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის დროს, მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
"ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ადგილას, პოლიცია და სამხედრო ძალები დაუპირისპირდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის მიერ მიღებული სანდო ინფორმაციის თანახმად, მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი კი დაიჭრა. ”- განაცხადეს გაეროს ოფისში.
მიანმარში ოპოზიცია ხალხს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებს და მოითხოვს სამხედროთა ჩამოშორებას ხელისუფლებიდან და „დემოკრატიის ეროვნული ლიგის“ ლიდერის, აუნ სან სუ ჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.