ილია დარჩიაშვილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან შეხვედრაზე „ხაზი გაესვა საქართველოსა და ირანს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.“

„მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურება და კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური პოტენციალი.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების აუცილებლობაზე,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ირანულ მხარეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.


17 იანვარს ილია დარჩიაშვილი დავოსში ასევე შეხვდა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჰანკე ბრუინს სლოტს.

საგარეო უწყების ცნობით, „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპის საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც დამატებით სტიმულს აძლევს ქვეყანას რეფორმების გასაგრძელებლად, ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის.

„მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ აღნიშნული მიმართულებით და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესისთვის," - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო არაფორმალურ ლანჩს, სახელწოდებით - „გლობალური სისტემებისადმი ნდობის აღდგენა". ღონისძების მასპინძელი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, მოდერატორი კი - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბრენდე ბორგე. მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.