სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის

"დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში 2 თვის წინ თავისი ვიზიტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მიშელთან მაშინაც დადებითი საუბარი ჰქონდა.

„დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასოდეს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, თავისი დემოკრატიული გზა გააგრძელოს და ამ გზაზე არაფერმა შეუშალოს ხელი. ეს როგორც არასოდეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა არის, რომ ის რაც იყო და არის საქართველო - ანუ სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული, ეს კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს. ევროკავშირს, როგორც საქართველოს, სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერთად პოსტ-კრიზისულ გეგმაზე ერთად ვიმუშაოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პოლიტიკურ ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია.

"დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე, შევთაnხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს, სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე და ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა და სხვა არაფერი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.