პრემიერმა დავოსში, USAID-ის ორგანიზებით გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა USAID-ის ადმინისტრატორის სამანტა პაუერის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით - "ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ." პანელური დისკუსია დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში USAID-ის ორგანიზებით გაიმართა.


„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ USAID-ის ადმინისტრატორი სამანტა პაუერი, McKinsey Global Health Institute-ის დირექტორი ლუსი პერეზი და ტანზანიის სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკისა და ინვესტიციების საკითხებში მუდრიკ სორაღა. დისკუსიაზე USAID-ის ადმინისტრატორმა სამანტა პაუერმა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის შემცირების კუთხით საქართველოს წარმატებულ მაგალითზე ისაუბრა და ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თავის მხრივ, პრემიერის თქმით, ტყვიით მოწამვლა ნამდვილად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალური გამოწვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლოდროინდელი კვლევებით ცხადი ხდება, რომ ჩვენს პლანეტაზე სამიდან ერთი ბავშვი ტყვიით მოწამვლის მსხვერპლია.


„ტყვიით მოწამვლა ნამდვილად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალური გამოწვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს გამოწვევა სცილდება საქართველოს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის საზღვრებს. ეს არის გლობალური პრობლემა! ბოლოდროინდელი კვლევებით ცხადი ხდება, რომ ჩვენს პლანეტაზე სამიდან ერთი ბავშვი ტყვიით მოწამვლის მსხვერპლია, სავარაუდოდ, რადგან ისეთ გამომწვევებთან უწევს კავშირი, როგორებიცაა საღებავი, ელემენტებისა და სამუხტი საშუალებების რეციკლირების ცენტრები, საკვები, კოსმეტიკური საშუალებები და ზოგიერთ შემთხვევებში - სუნელი - როგორც თქვენ მიერ იქნა აღნიშნული.


ასევე მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ ტყვიით მოწამვლით არის გამოწვეული გლობალურად გარდაცვალების წლიური მაჩვენებლის 1.5%. ის მწვავე რისკებს ქმნის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალებისთვის, დაბალ- და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მისივე თქმით, საქართველომ გააძლიერა მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო ტყვიის შემცველი პროდუქციის შესახებ.

„რაც შეეხება საქართველოს წარმატებას, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია 2018 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული მრავალკლასტერული და მრავალინდიკატორიანი კვლევა, რომელმაც გამოავლინა, რომ 2-7 წლის ასაკის ბავშვების 51 პროცენტს დაშვებულ ზღვრულ ოდენობაზე მაღალ ნიშნულზე ჰქონდათ სისხლში ტყვიის შემცველობა. ამ მონაცემებს მოჰყვა მყისიერი რეაგირება მთავრობის მხრიდან. ჩვენ სწრაფად გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები რისკების გასანეიტრალებლად და ქვეყანაში ტყვიით მოწამვლის შემთხვევების პრევენციისთვის.


2019 წელს ინიცირებული ეროვნული რეაგირების პაკეტი - გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით - მოიცავდა ფართომასშტაბიან კამპანიას საზოგადოების შემეცნების გასაზრდელად, ბავშვებისა და ორსული ქალების მონიტორინგის წარმოებას, ქიმიური რისკების შეფასების ლაბორატორიის შექმნას და ტყვიის კონტროლის სისტემის შემუშავებას სისხლში მისი შემცველობის მონიტორინგისთვის და შეხების წერტილების გამოსავლენად.

ტყვიით მოწამვლის წყაროებისა და შეხების წერტილების გამოსავლენად იმავე პროგრამის ფარგლებში დავიწყეთ ატმოსფერული გარემო პირობების შეფასება. ამ ინიციატივათა შედეგად მოხდა მაჩვენებლების სწრაფი გაუმჯობესება, რამაც რეაგირების პროგრამის ეფექტურობა დაადასტურა. პროგრამის დაწყებიდან მეოთხე წელს ვიხილეთ საოცარი - 75-პროცენტიანი - კლება სისხლში ტყვიის შემცველობის შემოწმებისას. ეს ანალიზები რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს ჩაუტარდათ, რადგან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქ იყო დაფიქსირებული,“ - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „2023 წლის ივლისიდან, გამკაცრებული ტექნიკურ შემოწმებები მიმდინარეობს, რათა გაკონტროლდეს სამშენებლო სექტორში გამოყენებული საღებავების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. იურიდიული შეზღუდვები დაუწესდა ტყვიის მაღალი კონცენტრაციის მქონე საღებავების წარმოებას, რეალიზაციასა და იმპორტს.“


პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო არაფორმალურ ლანჩს, სახელწოდებით - „გლობალური სისტემებისადმი ნდობის აღდგენა". ღონისძების მასპინძელი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, მოდერატორი კი - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბრენდე ბორგე. მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.