ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა

"ყველაფერს გავაკეთებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, იმისათვის, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს დოზებზე წვდომა", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაცია ამ მომენტში არის მთავარი გამოწვევა.

"Covid19-ის პანდემიის პერიოდში ევროპამ აჩვენა და ისევ დაანახებს საქართველოს თავის სოლიდარობას. ჩვენ გავაკეთეთ დაახლოებით 400 მლნ ევროს მობილიზება, რათა მოხდეს ამ კრიზისის დაძლევა, ამ მომენტში ვაქციანაცია არის მთავარი გამოწვევა.

ევროკავშირი COVAX პროგრამის მთავარი დონატორია. ამის წყალობით, იმედია, ვაქცინები საქართველოშიც იქნება. ყველაფერს გავაკეთებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, იმისათვის, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა.

ევროკავშირის დახმარება უფრო დიდი და ფართოა, ვიდრე კოვიდი. 800 მლნ ევროს მობილიზება მოხდა მთლიანად ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის სფეროებისთვის, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირის ბანკის მხრიდან, რომლის წარმომადგენელი მე ასევე მახლავს, იმისათვის, რომ დახმარებები განვიხილოთ. 2007 წლიდან დახლოებით, 1,8 მლრდ ევროა ჩადებული“, - განაცხადა შარლ მიშელმა.