საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - "ევრაზიის ახალი განთიადი?" გამოსვლისას მადლობა გადაუხადა „ევროკავშირის ყველა ლიდერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.“
„ეს არის ჩვენი მთავრობის უდიდესი მიღწევა,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საქართველოს მთავრობამ დიდი ძალისხმევა გასწია და დიდი წინსვლა ჰქონდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა ამავე პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს და ბოლომდე ერთგული რჩება ამ ე.წ. შუა დერეფნის განვითარების იდეისადმი, რომელიც ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ალტერნატიული მარშრუტი გახდა.“
მან ყურადღება გაამახვილა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე.
„ორი წლის წინ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საგზაო რუკას ჩვენს ყაზახ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად. ჩვენ, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ძალიან ნათელი და მკაფიო გეგმა გვაქვს ამ დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით და ვიცით, რისი გაკეთებაა საჭირო, - საპორტე ინფრასტრუქტურის გაფართოება, წარმადობის განვითარება, რკინიგზის მოდერნიზაცია, აეროპორტებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და ა. შ.
უახლეს ინფორმაციას გაგიზიარებთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. წელს გვინდა ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება ანაკლიაში, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე. ასევე, მიმდინარეობს რკინიგზის მოდერნიზაცია და წელს დასრულდება. მისი გამტარუნარიანობა საქართველოში გაორმაგდება და 48 მილიონ ტონს გადააჭარბებს.
ახალი აეროპორტის მშენებლობასაც ვგეგმავთ, რადგან გვინდა ქვეყანა პოზიციონირებდეს როგორც ავიაციის რეგიონალური ჰაბი. ამას საქართველოს ადგილმდებარეობაც უწყობს ხელს. სრული პოტენციალი გვაქვს იმისთვის, რომ ავიაციის რეგიონალურ ჰაბადაც ვიქცეთ. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა საავტომობილო გზების მშენებლობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, - ყველაფერი წელს დასრულდება და სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც ორ წელიწადში დაგვირგვინდება. ასევე მინდა ვახსენო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის ინტერესი ამ ალტერნატიული მარშრუტებისადმი - ე.წ. შუა დერეფნისადმი. ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში გასულ წელს.
პრეზიდენტ სი ძინ პინს შევხვდი და გადავწყვიტეთ ჩვენი პარტნიორობა სტრატეგიულ დონეზე აგვეყვანა. ჩინეთმა ინტერესი რანდენიმე თვის წინ დააფიქსირა. პრეზიდენტმა გამოთქვა ინტერესი შუა დერეფნის მიმართ და მიმაჩნია, რომ ეს მეტ სტიმულს და მუხტს მისცემს ამ იდეის განვითარებას,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „უსაფრთხოების სფეროში გამოწვევის მიუხედავად, უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მოხდა.“
„რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენო, რაც თქვენ, ალბათ, გახსოვთ, - ჩვენი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწების 20%. გუშინ გვქონდა ამ საკითხზე საუბარი. ომი გადავიტანეთ 2008 წელს, და მას შემდეგ რუსეთმა სამხედრო ბაზები ააშენა ჩვენს ტერიტორიაზე და განაგრძობს ჩვენი მიწების ოკუპაციას.
თუმცა, უსაფრთხოების სფეროში ამ გამოწვევის მიუხედავად, შევძელით უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა, რამაც საქართველოს კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა მოუტანა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ გვქონია მსგავსი მშვიდობიანი და სტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში,“ - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთთან და აზერბაიჯანთან მჭიდრო პარტნიორობაზე ისაუბრა.
„რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და პარტნიორობა გვაქვს ორივე ქვეყანასთან. ისინი ჩვენი ძმები და მეგობრები არიან. ორი წლის წინ ვცადე და პირველი მედიაცია წარმატებით განხორციელდა, რადგან აზერბაიჯანმა გაათავისუფლა სომხეთის მოქალაქეები, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები.
ეს წარმატებული მცდელობა იყო, მაგრამ გვესმის, რომ სიტუაცია ძალიან კომპლექსურია. რეგიონში ბევრი მოთამაშეა და ყოველივე ზემოთ თქმულს მინდა ის დავამატო, რომ ორივე ქვეყნის ლიდერის პოზიცია ვიცი. სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც ორმხრივ ფორმატში უნდათ ურთიერთობა.
პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს სწორი გზაა, რადგან ყველა დაინტერესებული წრისა და მხარის, მედიატორის ჩართვით სიტუაცია უფრო წინააღმდეგობრივი და ნაკლებად პროდუქტიული ხდება ხოლმე. ამიტომ, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ მათ. დიდი იმედი მაქვს, რომ მონახავენ გამოსავალს და მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას,“ - განაცხადა პრემიერმა.