ქართველმა მოჭიდავეებმა კიევის საერთაშორისო ტურნირზე 15 მედალი მოიპოვეს

26-28 თებერვალს, კიევში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა15 მედალი მოიპოვეს.

15 მედლიდან 11 ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზეა. 4 - თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ეკუთვნის.

ვლადიმერ გეგეშიძის გუნდის წევრებმა 5-5 ოქროსა და ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გამოსვლა, ნაკრებმა კი გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

პრესტიჟულ შეჯიბრებაზე, რომელშიც სამივე საჭიდაო სახეობაში ჯამში მსოფლიოს 35 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა.

ბერძნულ-რომაულში, ათი წონითი კატეგორიიდან რვაში, ფინალში ქართველი სპორტსმენები გავიდნენ. ორ წონაში კი შეჯიბრება სულაც, ქართული ფინალით დაგვირგვინდა. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), რამაზ ზოიძე (67 კგ), აივენგო რიკაძე (82 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ). საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში, ოცამდე ქვეყნის ნაკრებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ტურნირი ორ-ორი ოქროსა და ბრინჯაოს მედლით და მეორე გუნდური ადგილით დაასრულა. ჩემპიონები გახდნენ ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ).

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კიევის ტურნირზე შესუსტებული შემადგენლობით გამოვიდა. გუნდის სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, გამოცდილ მოჭიდავეთა უმეტესობას, მოახლოებული სალიცენზიო შეჯიბრებებისა და ევროპის ჩემპიონატის წინ დასვენების საშუალება მიეცა.

როგორც ცნობილია, 18-21 მარტს ქართველი მოჭიდავეები ბუდაპეშტის საერთაშორისო ტურნირზე გამოვლენ, სადაც მედლების გარდა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება.