გერმანიის საელჩო: გერმანია მხარს უჭერს საქართველოს NATO-სთან დაახლოების გზაზე

გერმანიის საელჩო საქართველოსთვის სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მისი თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესში NATO-სთან დაახლოების გზაზე. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ელჩმა პეტერ ფიშერმა და გერმანიის საელჩოს თავდაცვის ატაშემ საქართველოს თავდაცვის ძალებს 27 ერთეული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალება და ტექნიკა გადასცეს.


„დღეს გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა და გერმანიის საელჩოს თავდაცვის ატაშემ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს 27 ერთეული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალება და ტექნიკა გადასცეს.

საქართველოს თავდაცვის ძალების საინჟინრო დანაყოფისათვის განკუთვნილი ტექნიკა გერმანიის ფედერალური მთავრობის „პარტნიორების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში იქნა შესყიდული. გერმანიასა და საქართველოს შორის არსებულ ინტენსიურ თანამშრომლობას სამხედრო სფეროშიც დიდი ხნის ტრადიცია აქვს. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მისი თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესში NATO-სთან დაახლოების გზაზე,“ - ნათქვამია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.