რუსეთში, მოპარული უკრაინული ნივთების მუზეუმი გაიხსნა, მათ შორის არის ცეცხლმაქრები და სანომრე ნიშნები. მედია მარიუპოლის მერის მრჩევლის პეტრო ანდრიუშჩენკოს ცნობას ეყრდნობა. მან აღნიშნა, რომ მანქანის სანომრე ნიშანი, რომელიც ამ მუზეუმის ექსპონატად იქცა, კრამატორსკელ ქალს ეკუთვნის.
„არ არის ცნობილი, მანქანას მოხნსეს თუ მანქანიანად მოიპარეს. არც ქალის ბედია ცნობილი, ყოველ შემთხვევაში - ჩვენთვის. მაგრამ ეს დეტალია. ნამდვილი მანქანის სანომრე ნიშანი. რეალური ადამიანის. ეს არის ის, რაც ხაზს უსვამს არაადამიანურობას, რასაც რუსები ყოველ ნაბიჯზე სჩადიან ფრონტზე. ოკუპაციაში თუ სხვაგან,“ - წერს ანდრიუშჩენკო.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.