„მსოფლიოს აქვს ძალა, შეაჩეროს ომები, რომელთა რიცხვი შეიძლება, გაიზარდოს. და ამ ძალამ ახლა უნდა იმუშაოს რუსეთის შესაჩერებლად.“ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსი ლიდერების ამჟამინდელ სიგიჟეს მსოფლიოს ყველა ერისთვის მოაქვს გაურკვევლობისა და საფრთხის ჟამი.
„მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ წინ შეიძლება, მეტი ომი იყოს. მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალა, რომ ეს შევაჩეროთ. ჩვენ გვაქვს ძალა, დავიცვათ ნორმალური ცხოვრება. მსოფლიოს აქვს ეს ძალა. და ამ ძალამ ახლა უნდა იმუშაოს რუსეთის შესაჩერებლად. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გვეხმარება. მადლობელი ვართ ყველასი, ვინც იცავს უკრაინას, ვინც მუშაობს უკრაინისთვის, ვისაც ახსოვს, რომ მთავარი გამოწვევა უკრაინისთვის ყველა იმ შესაძლებლობის მიცემაა, რაც ოკუპანტებს ჩვენი მიწიდან განდევნის. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“ - აღნიშნავს ზელენსკი.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.