„ფრონტზე არსებულ ვითარებაზე გავლენას არ მოახდენს“ - უკრაინის სახმელეთო ჯარების წარმომადგენელი ხარკოვის ოლქის სოფლიდან გასვლაზე

უკრაინის სამხედროებმა 21 იანვარს დაადასტურეს, რომ მათმა ჯარებმა ხარკოვის ოლქის სოფელი კრახმალნოე დატოვეს. სახმელეთო ჯარების წარმომადგენელმა ვოლოდიმირ ფიტიომ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის დაწყებამდე სოფელ კრახმალნოეში 45 ადამიანი ცხოვრობდა, იქ იყო სულ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, რომლებიც ბრძოლების შედეგად დაინგრა.


ფიტიოს თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებმა წინასწარ მომზადებულ და უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადაინაცვლეს. მანვე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცავს საფრთხეს ქვედანაყოფებისთვის, რომლებიც სოფლის მეზობლად არიან განლაგებული მხარეებს შორის გამყოფ ხაზზე. „ვფიქრობ, ეს დროებითი მოვლენაა. ფრონტის ხაზი ყოველდღე იცვლება,“ - განმარტა ვოლოდიმირ ფიტიომ.


ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი მანამდე იტყობინებოდა, რომ 20 იანვარს რუსეთის ჯარებმა კუპიანსკი-სვატოვო-კრემენნაიას ხაზის გასწვრივ შემტევი ოპერაცია განახორციელეს და სოფელ კრახმალნოეზე კონტროლი დაამყარეს.


„სრულმასშტაბიან შეჭრამდე, სოფელ კრახმალნოეში 45 ადამიანი ცხოვრობდა, ანუ დაახლოებით ხუთი სახლი იყო და ეს სახლები რუსმა ჯარმა გაანადგურა. ამიტომ, ამ რამდენიმე ასეულ მეტრს, რომელიც რუსებმა აიღეს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენმა დამცველებმა უკან დაიხიეს უფრო მომზადებულ ხაზებზე, სადაც მათი სიცოცხლე უსაფრთხოა,“ - განაცხადა თავის მხრივ, ფიტიომ უკრაინის სატალევიზიო ეთერში საუბრისას.

მისივე თქმით, აღნიშნულ სოფელზე კონტროლის დაკარგვა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე გავლენას არ მოახდენს. სოფელი კრახმალნოე რუსეთის ჯარებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს დაიპყრეს, მაგრამ 2022 წლის შემოდგომაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ის ხარკოვის რეგიონში კონტრშეტევის დროს გაათავისუფლეს.


ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ახალ ანგარიშში წერს, რომ რუსეთის ჯარებმა წინ წაიწიეს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთში.

ცენტრის ექსპერტები 21 იანვრის გეოლოკაციური კადრების ანალიზის საფუძველზე მიუთითებენ, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს წინსვლა აქვთ ავდეევკაში, რესტორან „სამეფო ნადირობის“ რაიონში, რომელიც ქალაქის სამხრეთში მდებარეობს და სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ხეივანთან.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს, 22 იანვარს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე მოხდა 68 საბრძოლო შეტაკება. გენშტაბის თანახმად, ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებად ავდეევკა რჩება.

უკრაინის არმიის სარდლობა აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ისევ ცდილობენ ქალაქის ალყაში მოქცევას. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ავდეევკის მიმართულებით მოგერიებულია 17 შეტევა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.