საქსტატი: 2023 წელს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12.5%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 529.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით მეტია - საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 9 347.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4 პროცენტია. გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო სამეულია: აზერბაიჯანი, სომხეთი და ყაზახეთი, ხოლო საიმპორტო - თურქეთი, აშშ და რუსეთი.


„2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 529.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 6 090.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 9.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 15 438.4 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 14.0 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წელს, 9 347.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4 პროცენტია.

2023 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (862.1 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (787.1 მლნ. აშშ დოლარი) და ყაზახეთი (703.0 მლნ. აშშ დოლარი).


2023 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 570.1 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 949.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 744.5 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.5 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 979.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (2 401.5 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (2 046.3 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 126.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 479.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 7.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 259.0 მლნ. აშშ დოლარით (4.3 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 162.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 166.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 542.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.5 პროცენტი),“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.