საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის მზად არის, დღეს ოპოზიციასთან შეხვედრა გამართოს. ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვედრის ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი გუნდი მზადაა, დეესკალაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.
„მინდა, გამოვეხმაურო შარლ მიშელის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მინდა, დავადასტურო საჯაროდ – მე ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო შეხვედრაში მონაწილეობა. მინდა, მზადყოფნა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური, კონსტრუქციული დიალოგისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის ბატონ პრეზიდენტს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პრემიერს დღეს შეხვდა, მიშელმა რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხს გაუსვა ხაზი, ისაუბრა პოლიტიკურ კრიზისზე, ბორდერიზაციაზე და ვაქცინებზე.
შარლ მიშელმა მმართველ გუნდს და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა.
"ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ ევროკავშირი არის საქართველოს მთავარი პარტნიორი. ჩვენ ვიზიარებთ, იმ ფასეულობებს, რომელიც უკავშირდება დემოკრატიას და კანონიერებას. მეორე მთავარი გზავნილია ის, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლის დროს თქვენს გვერდით ვართ.
მესამე გზავნილი არის ის, რომ მაწუხებს ის პოლიტიკური კრიზისი, რაც საქართველოშია. ეს თქვენი პრემიერობის პერიოდში და თქვენი კოლეგების, როგორც ოპოზიციონერების ძალისხმევითაც უნდა გამოსწორდეს. უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები და სირთულეებს გაუსწროს თვალი. ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები, იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს. მე ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შეხვდეს. დადგა იმის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადახვიდეთ მედიაციაზე", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ის მზად არის ამ შეხვედრას დაესწროს . ცნობისთვის, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრას სთავაზობს.
„ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შეხვდეთ. დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე“,- განაცხადა შარლ მიშელმა ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე.