„ვინმეს ბრალეულობას, ან დანაშაულს ვერ შევაფასებ, ეს ჩემი კომპეტენცია არაა, სასამართლოს კომპეტენციაა, მე მხოლოდ ფაქტებზე შემიძლია საუბარი,“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში განაცხადა. ლაშა დარსალია ბრალდების მხარის მოწმეა. ჟურნალისტების კითხვას, მიიჩნევდა თუ არა, ბრალდებული ივერი მელაშვილი, რომ 1:200 000-იანი რუკის გამოყენება რელევანტური არ იყო, დარსალიამ განაცხადა, რომ "კომისიაში განსხვავებული პოზიციები თავიდანვე იყო."
„სასამართლოში მსჯელობა უშუალოდ ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდს ეხებოდა, რომელიც 2019 წლიდან მოყოლებულია. თუ როგორ და რა სახით ხელმძღვანელობდა კომისია, ეს იყო მსჯელობის საკითხი. კომისიაში თავიდანვე არსებობდა ორი სხვადასხვა პოზიცია, სხვადასხვა ტიპის მასალები გამოყენებულიყო თუ არა. მთავარი საკითხია, თუ სად გადიოდა 1938 წლის ხაზი და ნებისმიერი მასალა, რომელიც ადასტურებს, თუ სად გადის 38 წლის ხაზი, რელევანტურია," - განაცხადა დარსალიამ.
- კითხვას, დანაშაული იკვეთება თუ არა ბრალდებულების მხრიდან, დარსალიამ უპასუხა, რომ ამაზე საუბარი მისი კომპეტენცია არაა.
„ვინმეს ბრალეულობას, ან დანაშაულს ვერ შევაფასებ, ეს ჩემი კომპეტენცია არაა, სასამართლოს კომპეტენციაა, მე მხოლოდ ფაქტებზე შემიძლია საუბარი, კითხვები ეხებოდა თუ რა ლოგიკით და პრინციპით ხელმძღვანელობს კომისია. ის ერთი პრინციპით ხელმძღვანელობს, შეთანხმებულია 96 წელს, რომ მხარეები 38 წლის ხაზს იყენებს, ნებისმიერი მასალა, რომელიც ამ ხაზს ადასტურებს, რელევანტურია, დანარჩენი ექსპერტების შეფასებაა.
მე არ ვიცი, ისინი რას დაეყრდნენ, მე შემიძლია ვისაუბრო 2019 წლის შემდეგ კომისია რას ეყრდნობა - კომისია ეყრდნობა ყველა მასალას, რომელიც რელევანტურია, მათ შორის, 1:200000-იანი რუკა იქნა წარმოდგენილი, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება ჩვენი მხრიდან კომისიაზე. ეს მასალები, აზერბაიჯანულ მხარეს 2020 წელს წარვუდგინეთ და დაახლოებით ამ პერიოდში იყო მისი დედნები წარმოდგენილი," - განაცხადა დარსალიამ.
ლაშა დარსალია 2019 წლიდან დღემდე სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარეა.
ცნობისთვის, პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილ უფროსს - ივერი მელაშვილსა და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს ნატალია ილიჩოვას ბრალი წაუყენა.
პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.
სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.