საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, ინფორმაცია, რაც მოწმემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, სასამართლოს მიაწოდა, მყარი არგუმენტია ბრალდებულის წინააღმდეგ. პროკურორის განმარტებით, როდესაც მოწმე, ლაშა დარსალია კომისიის თავმჯდომარე გახდა, გარკვეული ინფორმაცია და დოკუმენტაცია მისთვის უცნობი იყო, რადგან ისინი ბრალდებულმა დამალა.
„რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება შეიძლება, გამოიყოს მოწმის მიერ მიცემული ჩვენებიდან. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ როდესაც ხდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოძიების პროცესში დოკუმენტაციის ამოღება, ივერი მელაშვილმა დამალა დოკუმენტაცია და მხოლოდ მის სამუშაო ოთახში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს იქნა გარკვეული დოკუმენტაცია ამოღებული, რაც მანამდე ვერ მოვიპოვეთ იმიტომ, რომ ეს დოკუმენტაცია ივერი მელაშვილმა დამალა. მეორე მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ როდესაც მოწმე კომისიის თავმჯდომარე გახდა, რაღაც ინფორმაცია და რაღაც დოკუმენტაცია მისთვის უცნობი იყო.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ადასტურებს ბრალდებულების არაკეთილსინდისიერ ქმედებებს და მათ მიერ დანაშაულის ჩადენას, არის ის, რომ 1996 წელს, როდესაც ორი სახელმწიფო გარკვეულ მონაკვეთებზე შეთანხმდა და გარკვეულ მონაკვეთებზე ვერ შეთანხმდა, ვერ შეთანხმების მიზეზი იყო ის, რომ ორ სახელმწიფოს შორის ფუნდამენტური სხვაობა 1938 წელსა და 1945 წელს შორის.
ხოლო 2009 წელს კი ეს ფუნდამენტური სხვაობა რატომღაც შეიცვალა და ოქმში ბრალდებულებამ დააფიქსირეს, თითქოსდა ამ ორ პერიოდს შორის არსებულ მასალაზე და საზღვრის გამავლობაზე, არანაირი არსებითი სხვაობა არ არის, ეს იმ დროს, როდესაც უკვე საქართველოს საწინააღმდეგოდ შეთანხმებული იყო მათ შორის ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორია. ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული და ეს ინფორმაცია არ იცოდა მოწმემ,“ - განაცხადა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.
„ლაშა დარსალია შეიძლება, კარგი დიპლომატია, მაგრამ კარტოგრაფიაში ნამდვილად ვერ ერკვევა, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტობრივი გარემოება, რასაც ჩვენ, დაცვის მხარე ვუთითებდით, დაადასტურა,“ განაცხადა თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსის, ივერი მელაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ მედიასთან.
ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარის მოწმემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვერ დაასახელა ვერცერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ივერი მელაშვილი რაიმე სახის მოლაპარაკებებში ყოფილიყო, სადაც საქართველოს ინტერესი დაზიანდა.
„დაადასტურა ის, რომ არაერთხელ მისი მონაწილეობით განხილულა და აღნიშნულა იმის შესახებ, რომ 1996 წელს, ქართული მხარის პოზიცია საზღვრის ხაზთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა 1938 წლის საზღვრის ხაზზე, რომელიც დაბეჭდილი იყო 1942-43 წლის 100 000-იანი მასშტაბის რუკებზე. ვერ დაასახელა ვერცერთი მონაკვეთი, სადაც საზღვარი შეთანხმებულია აზერბაიჯანულ მხარესთან და რომლის გადახედვასაც დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო განიხილავს, ან მიაჩნია, რომ არის უკანონო, ან არის ქართული მხარის ინტერესის დამაზიანებელი.
მოწმემ ვერ თქვა და ვერ დაასახელა ვერცერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ბრალდებულებს, ამ შემთხვევაში ბატონ ივერი მელაშვილს, რაიმე სახის პოზიცია ჰქონოდა ან რაიმე სახის მოლაპარაკებებში ყოფილიყო, სადაც საქართველოს ინტერესი დაზიანებულიყო. ის გარემოებები, რაზეც ჩვენ ვუთითებდით, ეს არის ქრონოლოგია და მტკიცებულებები, რომელიც საქმეშია, როგორც ჩვენ აღვწერდით, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ზუსტად ისეა მოცემული,“ - განაცხადა ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ.