შარლ მიშელი: საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ევროპული პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია.

"იმედი მაქვს, რომ თქვენ შეძლებთ, წინსვლა გქონდეთ დიალოგის პროცესში. ჩვენ თუ შევძლებთ წინსვლის მიღწევას, მაშინ იმ რეფორმებსაც განვახორციელებთ, რაც ქვეყნის მოსახლეობას სჭირდება და არა – ევროკავშირს. თქვენს ქვეყანას სჭირდება ეს რეფორმები. რეფორმის განხორციელება არის აუცილებლად მნიშვნელოვანი და ეს რეფორმები გააძლიერებს საქართველოს.

მოგიწოდებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და მეტი ამბიციებით განახორციელოთ რეფორმები. ამას დასჭირდება თქვენი ლიდერული პოზიცია, ყველა მხრივ ჩართულობა და კომპრომისებზე წასვლა. ეს არის ის გზა და ის დემოკრატიული ფორმატი, რომელიც მოგვიტანს კეთილდღეობას, დემოკრატიას და კიდევ უფრო ძლიერი პარტნიორობა შედგება ევროკავშირსა და საქართველოს შორის", - განცხადა შარლ მიშელმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ერთიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

„დღეს ასევე გვქონდა საშუალება, მივსულიყავი ადმინისტრაციულ ხაზთან და შევხვედროდი ადგილობრივ თემს. მე ვხედავ, რომ ეს კონფლიქტი აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე. ბორდერიზაცია, უკანონო დაკავება აბსოლუტურად მიუღებელია. მე ვიმეორებ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ერთიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ევროკავშირი არის სრულად ერთგული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში და მინდა, კიდევ ერთხელ გამოვიყენო შესაძლებლობა და მთელ გუნდს გადავუხადო მადლობა, ევროკავშირის მონიტორინგის გუნდს, ადგილზე ისინი არიან, ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას, ისინი არიან საერთაშორისო თანამეგობრობის ყური და პირი და მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ფუნდამენტური ინტერესი რეგიონში არის აღმოსავლეთ პარტნიორობის იდეის და სულისკვეთების ამსახველი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველომ იქონიოს მომავალშიც ევროკავშირის იმედი,“- განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა 2 მარტს გაემგზავრება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს და პრემიერს.