სტოლტენბერგი: გავაფორმეთ $1,2 მილიარდიანი კონტრაქტი, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი საბრძოლო მასალისთვის ბრძოლად გადაიქცა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოკავშირეებმა საკუთარი მარაგები შეავსონ, რადგან ალიანსი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.


ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, როდესაც NATO-მ 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის შესყიდვის მიზნით, 1,2 მილიარდი დოლარის მოცულობის კონტრაქტს მოაწერა ხელი.


„მივესალმები მოკავშირეების ვალდებულებას, განახორციელონ ძირითადი ახალი ინვესტიციები. კიდევ ერთხელ, მინდა, მადლობა გადავუხადო NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს ყველაფრისთვის, რასაც ამის შესასრულებლად აკეთებენ.

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი საბრძოლო მასალისთვის ბრძოლად გადაიქცა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოკავშირეებმა საკუთარი მარაგები შეავსონ, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტო მოკავშირეებს თავიანთი რესურსების გაერთიანების საშუალებას აძლევს. მათ უნდა მივცეთ იარაღი და საბრძოლო მასალა, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოება. მას შემდეგ, რაც ჩვენ შევთანხმდით NATO-ს თავდაცვის წარმოების სამოქმედო გეგმაზე გასულ ივლისში, NSPA-მ დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები დადო.


ეს მოიცავს დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს ჰაუბიცის ჭურვებისთვის, სატანკო საბრძოლო მასალისთვის, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისთვის და 155 მილიმეტრიანი საბრძოლო მასალისთვის, 5,5 მილიარდ დოლართან ერთად, რომელიც  Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის იყო განკუთვნილი. ეს არის მნიშვნელოვანი სტიმული ჩვენი ტრანსატლანტიკური თავდაცვის ინდუსტრიისთვის, რომელიც გვეხმარება, რომ დავაკმაყოფილოთ ჩვენი უსაფრთხოების საჭიროებები და გავაგრძელოთ უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მხარდაჭერა,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.