კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კეკელიძის ქუჩაზე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესთან დაკავშირებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატში, ცხელი ხაზზე შესული განცხადების თანახმად, შეკრების მონაწილე 7 პირია დაკავებული, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ მიიღეს დაზიანებებიც.


„საქართველოს სახალხო დამცველი თვალყურს ადევნებს კეკელიძის N1-ში მიმდინარე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესს. გავრცელებული ინფორმაციით, სააღსრულებო პოლიციის მიერ გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა ძალა, მათ შორის, მოხდა საცხოვრებელი კორპუსის და სახლის კარის სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნა. ასევე, იძულებითი გამოსახლების გასაპროტესტებლად შეკრებილი პირები ავრცელებენ ინფორმაციას საცხოვრებელში გაზის გამოყენების თაობაზე. 

სახალხო დამცველის აპარატში ცხელი ხაზზე შემოსული განცხადების თანახმად, დაკავებულია შეკრების მონაწილე 7 პირი, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ მიიღეს დაზიანებებიც. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას. ასევე, აპარატი არკვევს დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით,“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.


  • განცხადება გაავრცელა აღსრულების ბიურომაც.

„2024 წლის 23 იანვრის 11:00სთ-იდან აღსრულების პოლიცია სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ახორციელებს გამოსახლების პროცესს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულნი არიან მოვალის მხარდამჭერები, რომლებიც ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ აღსრულების პოლიციას.

ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, აღსრულების პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაზის გამოყენებას, წარმოადგენს სიცრუეს. პირიქით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი.

ასევე მათ მიაყენეს აღსრულების პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა. სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე დაზიანდა სახელმწიფო ქონება. აღნიშნული გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზედაც მოვალემ განაცხადა უარი. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს ახორციელებს კანონის სრული დაცვით. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს,“ - წერია განცხადებაში.