კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული ჟურნალისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელიც თბილისში, კეკელიძის N1-თან გამართულ აქციაზე დააკავეს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ მან თავისი დაკავების პროცესი გაიხსენა. ის ამბობს, რომ დაკავების შემდეგ შეუძლოდ გახდა, თუმცა ვერც ადგილზე და ვერც წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანის შემდეგ სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო.


„40 წუთი დამაყოვნეს კეკელიძის ქუჩაზე. ამ ხნის განმავლობაში ვითხოვდი, განემარტათ, სად მივყავდი, რატო მაკავებდნენ? ერთი და იგივეს იმეორებდნენ, რომ პოლიციას შევუშალე ხელი. შემდეგ შეუძლოდ გავხდი, ექიმის დახმარება ვითხოვე და არ მომცეს წვდომა... უკვე რამდენიმე საათია, ამ სამმართველოში ვარ და პირველი ნაწილი იყო ძალიან დამამცირებელი, ძალიან ცუდი სიტყვებით მომმართავდნენ, აგრესიას გამოხატავდნენ პროფესიული საქმიანობის გამო. აი, მაგალითად, პროვოკატორი, ინტრიგანი, მოაშორეთ აქედან... "

„ზუსტად 2-3 წუთის მისული ვიყავი, აქციასთან არანაირი საერთო არ მქონია, არც შიგნით ვყოფილვარ, არც არავისთვის ხელი შემიშლია. ერთ-ერთი ახალგაზრდის დაკავების პროცესს მივყევი ბოლომდე, ვიდრე მას მანქანაში შეტენიდნენ. ვხედავდი, რომ ის ახალგაზრდა წინააღმდეგობას არ უწევდა, მაგრამ მაინც ძალადობდნენ. დამინახეს, რომ ვიღებდი ამ ყველაფერს. ერთ-ერთმა პოლიციელმა მკრა ხელი და მიმახეთქა ხეს. ვუთხარი, რას აკეთებ, ჟურნალისტი ვარ-მეთქი. ამის შემდეგ გამწარდნენ, შემაგდეს მანქანაში, რამდენიმე პოლიციელი დამეხვია. იმ ძალით შემაგდეს, რომ მანქანის იატაკზე დავვარდი. ადგომას რომ ვცდილობდი, ეგონათ, წინააღმდეგობას ვუწევდი და ყვიროდნენ, წინააღმდეგობას გვიწევო. მე ვეუბნებოდი, რომ დავემორჩილებოდი...

სულ ხუთი პოლიციელი იყო: ერთი საჭესთან, ოთხი კრიმინალური პოლიციის ფორმაში. მათგან სამი განსაკუთრებით აგრესიული იყო, ერთი უკნიდან ჩამწვდა თავში და კისერში, მეორე - წინიდან. მეგონა, მახრჩობდნენ.“