ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიწვევით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პირველი დიალოგი პრეზიდენტის სასახლეში შედგება. შეხვედრა დღეს საღამოს გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მზად არის, ოპოზიციასთან გამართულ იმ შეხვედრას დაესწროს, რომელიც შარლ მიშელის ინიციატივით დაიგეგმა.
„მინდა, გამოვეხმაურო შარლ მიშელის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მინდა, დავადასტურო საჯაროდ – მე ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო შეხვედრაში მონაწილეობა. მინდა, მზადყოფნა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური, კონსტრუქციული დიალოგისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის ბატონ პრეზიდენტს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღესვე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ოპოზიციის წარმოადგენლებთანაც გამართა შეხვედრა.