ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციას ვადამდელ არჩევნებს სთავაზობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციას მოუწოდებს, ვადამდელ არჩევნებს დათანხმდნენ. ამის შესახებ ფაშინიანმა ერევნის რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე, მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა..

მისი თქმით, ის გამოდის მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ ოქტომბერში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით, რათა ქვეყანა მართვის საპარლამენტოდან, ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეს.

სომხეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, ონიკ გასპარიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს, მის დაქვემდებარებაში მყოფმა პირებმა კი, მოვალეობის შესრულება განაგრძონ. რესპუბლიკის მოედნიდან, პრემიერი მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობაში ჩაერთო.

სომხეთი, ამასთან, 2018 წელს გადავიდა ნახევრად საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე. ამ ცვლილებების მომხრეები მოელოდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი, სერჟ სარქისიანი შეინარჩუნებდა ხელისუფლებას როცა პრემიერი გახდებოდა, მაგრამ ეს გეგმა ჩაშალეს მასობრივმა გამოსვლებმა, რასაც მოჰყვა ფაშიანის მოსვლა ხელისუფლებაში.

1 მარტს საპროტესტო აქციის მონაწილეთა ჯგუფი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს, მთავრობის შენობაში შეიჭრა. ოპოზიცია და კრიტიკოსები ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ მას შემდეგ, რაც მან აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების თაობაზე.

გასულ კვირაში პოლიტიკური დაპირისპირება შეიარაღებულ ძალებსაც შეეხო მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა გაათავისუფლა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ტირან ჟაჩატრიანი, რომელმაც მანამდე პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკა. ამის საპასუხოდ გენშტაბის რამდენიმე ათეულმა მაღალი რანგის ოფიცერმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ფაშინიანს და მის მთავრობას ბრალი დასდეს ქვეყნის „კოლაფსის პირამდე“ მიყვანაში. მათი თქმით, მთავრობა ამ ვითარებაში „ვეღარ შეძლებს ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებას“.