დადიანის ქუჩაზე სოციალურად დაუცველი ოჯახის გამოსახლების პროცესი გადაიდო

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება გადაიდო. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურმა დაადასტურა. უწყებაში ამბობენ, რომ ოჯახს მიეცა დამატებითი ვადა პრობლემის მოგვარებისთვის.


„აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, გადაიდოს დღევანდელი გამოსახლების პროცესი, რადგან ოჯახი სოციალურად დაუცველია, მათ ოჯახში ასევე ჰყავთ ორი არასრულწლოვანი და მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაიდო დღევანდელი პროცესი, ასევე ოჯახს მიეცა დამატებითი ვადა მოლაპარაკებებისთვის,“ – განაცხადა აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, პაატა შამუგიამ.


ბიურომ გამოიყენა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 31-ე მუხლი. ამ მუხლით, თუ გამოსახლების ადგილზე განსაკუთრებული მდგომარეობაა შექმნილი (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება ან სხვა საგანგებო შემთხვევა) და მდგომარეობა "არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს" მოვალის განცხადების საფუძველზე პროცესის გადადება შესაძლებელია არაუმეტეს 6 თვით.


დღეს, 24 იანვარს, დილით გამოსახლების პროცესი დადიანის N259-ში იგეგმებოდა. იქ 48 წლის მარიამ კაკიაშვილი ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. კაკიაშვილი ამბობს, რომ ფული "კერძო მევახშისგან" 2014 წელს იპოთეკის ხელშეკრულებით ისესხა. შემდეგ კი, ამ ვალის გადაფარვის მიზნით ისევ მევახშისგან ისესხა 16 000 დოლარი. იმის გამო, რომ თანხა ვერ გადაიხადა, ბინა აუქციონზე 2018 წელს გაიყიდა და იმ ადამიანმა იყიდა, ვისი ვალიც კაკიაშვილს იმ დროს ჰქონდა.


აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსახლება ამ დრომდე 3-ჯერ უკვე გადადო. ეს იყო მეოთხე შემთხვევა, როცა დადიანის ქუჩაზე აღსრულების პოლიცია მივიდა. 48 წლის ქალისა და არასრულწლოვანი შვილების მხარდასაჭერად სახლთან მეგობრები და აქტივისტები დილიდან იყვნენ შეკრებილი. მათ წინააღმდეგობის გასაწევად მოაწყვეს ბარიკატები და გადაკეტეს ბინამდე მისასვლელი გზები.