24 იანვარს „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განმარტა, რომ ხაზარაძე მოითხოვს, კალაძეს დაევალოს საკუთარი განცხადების საჯაროდ უარყოფა.
„ბატონმა კალაძემ განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე ხალხს აუბედურებდა და ბიზნესს ართმევდა, რაც პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებაა, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება," - განმარტა კორძაძემ.
კახა კალაძე 17 იანვარს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პარტია „ლელოსა“ და მის ლიდერ მამუკა ხაზარაძეზე. კალაძემ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოქალაქეებისთვის ბიზნესების წართმევაში დაადანაშაულა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით, „პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან."
2023 წლის 11 ოქტომბერს ხაზარაძემ ამავე მიზეზით სასამართლოში სარჩელი შეიტანა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიმართ.
„წინა სარჩელზე, რომელიც ეხებოდა ირაკლი კობახიძეს, კანონის ყოველგვარი დარღვევით, საერთოდ წარმოებაში არ მიიღო სასამართლომ. უპრეცედენტო რამ თქვა: თუ ადამიანი დეპუტატია, შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოსო. მას არანაირი პასუხი არ მოეთხოვება, მათ შორის არა მარტო შეხედულებებზე, არამედ ცრუ ფაქტების გავრცელებაზე,“ - განმარტა ზვიად კორძაძემ.
იმ შემთხვევაში, თუ კალაძის მიმართ შეტანილ სარჩელსაც ანალოგიური ბედი ეწევა, მამუკა ხაზარაძის მხარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.