შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ორბელიანების სასახლეში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მინდა გითხრათ, რომ ბატონი შარლ მიშელის მიერ ინიცირებული და ორგანიზებული დღევანდელი შეხვედრა წარიმართა საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში. ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე და განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ, მმართველ პარტიას, ხელისუფლებას და ასევე ოპოზიციას გვაქვს. ბუნებრივია, ჩვენ გარკვეულ საკითხებზე პრინციპული პოზიციები გვაქვს.
ასევე მოვისმინეთ თითოეული წარმომადგენლისგან მათ მიერ დასმული შეკითხვები და მე მათ რა თქმა უნდა პასუხი გავეცი. ასევე ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება. მე მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩვენ შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით და ამის თაობაზე საზოგადოებას ვაცნობებთ. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება და რეკომენდაცია იგივე რჩება - რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ ყველამ ერთად, ოპოზიციამ, ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც ემსახურება ჩვენი ხალხის ინტერესს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობდა.
„დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი და ვამაყობ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარდა.
„მხარეებს ვთავაზობთ ევროკავშირის მხარდაჭერას. მთავარი მესიჯი არის შემდეგი: ქართველი მოსახლეობის ინტერესების დაცვა. ამ ქვეყანაში არაერთი კომპლექსური გამოწვევაა - ეკონომიკური განვითარება, სოციალური ვითარება, კორონავირუსი, სტაბილურიბა. ამ საღამოს, მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ როცა მხარეებს ვკითხე, არიან თუ არა მზად დიალოგისთვის, რათა ერთად იპოვონ გამოსავალი, შეხვედრის ყველა მონაწილის პასუხი იყო - დიახ“, - განაცხადა შარლ მიშელმა.