უკრაინის გენშტაბი: გაგრძელდება ზომების მიღება რაკეტების მიწოდების საშუალებების განადგურების მიზნით, მათ შორის, ბელგოროდი-ხარკოვის მიმართულებით

უკრაინის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების განადგურებას, რომლებიც რაკეტებს აწვდიან ბელგოროდის აეროდრომზე, ხარკოვისა და ხარკოვის რეგიონის დაბომბვის მიზნით. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში წერია.


გენშტაბის განცხადებით, მხოლოდ გასულ კვირაში მტერმა ხარკოვის ოლქზე 19 სარაკეტო შეტევა განახორციელა და რუსებმა გამოიყენეს 26 S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 3 BR "ისკანდერ-მ, რომლის შედეგადაც დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი, დაშავდა 78. დაინგრა 13 შენობა, მათ შორის ერთი საავადმყოფო, სამი სასწავლო დაწესებულება და ექვსი საცხოვრებელი კორპუსი. გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო საფრთხის შესამცირებლად უკრაინის შეიარაღებული ძალები საჰაერო სივრცეს მონიტორინგს გაუწევენ.


„სარაკეტო საფრთხის შესამცირებლად, უკრაინის შეიარაღებული ძალები არამხოლოდ აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს, არამედ, დეტალურად აკვირდებიან რაკეტების გაშვების პუნქტებს და მათი მიწოდების ლოგისტიკას, განსაკუთრებით სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების გამოყენებით. დაბომბვის დაფიქსირებული ინტენსივობა პირდაპირ კავშირშია ბოლო დროს, ბელგოროდის აეროდრომისკენ მიმავალი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების რაოდენობის ზრდასთან.

ამის გათვალისწინებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ ზომების მიღებას რაკეტების მიწოდების საშუალებების განადგურების მიზნით, აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს ტერორისტული საფრთხის განადგურების მიზნით, მათ შორის, ბელგოროდი-ხარკოვის მიმართულებით,“ - ნათქვამია განცხადებაში.


შეგახსენებთ, ბელგოროდში დღეს რუსული სამხედრო-სატრანსპორო თვითმფრინავი Il 76 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბორტზე უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც რუს ტყვეებში გასაცვლელად მიჰყავდათ. მათივე ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაღუპულია.


ავიაკატასტროფის შემდეგ, RBC-Ukraine-ის წყაროები ამბობდნენ, რომ Il 76-ით რუსებს S-300-ის ტიპის რაკეტები გადაჰქონდათ, რომლითაც ოკუპანტები ხარკოვის რეგიონის დაბომბვას აპირებდნენ.