უკრაინის დაზვერვა: ტყვეთა გაცვლის წინ, რუსებს არ მოუთხოვიათ ბელგოროდის მახლობლად საჰაერო სივრცის დაცვა

ბელგოროდში IL76-ის ჩამოვარდა შეიძლება, რუსეთის განზრახ ქმედებებზე მეტყველებდეს. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მისივე თანახმად, 24 იანვარს დაგეგმილი გაცვლის წინ, რუსებმა არ აცნობეს უკრაინულ მხარეს ქალაქ ბელგოროდის მიდამოში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების გარანტიის საჭიროების შესახებ კონკრეტულ ვადებში, როგორც ეს არაერთხელ გაკეთებულა წარსულში.

უკრაინის დაზვერვის უწყების ცნობით, სამხედრო ტყვეები დღეს უნდა გაეცვალათ, თუმცა ეს არ მომხდარა. უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ აღნიშნა, რომ უკრაინამ შეასრულა ყველა შეთანხმება გაცვლის მოსამზადებლად, ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედრო მოსამსახურეები დროულად მიიყვანეს გაცვლისთვის შეთანხმებულ ადგილას, სადაც ისინი უსაფრთხოდ იყვნენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინა არ იყო ინფორმირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის, მარშრუტებისა და ტყვეების გადაყვანის ფორმების შესახებ.


„დღეს ტყვეების გაცვლა უნდა მომხდარიყო, რომელიც არ შედგა. რუსული მხარის მტკიცებით, ეს იმის შედეგად მოხდა, რომ რუსული თვითმფრინავი ილ-76 იქნა ჩამოგდებული, რომელსაც ვითომ ჩვენი ტყვეები გადაჰყავდა. ახლა არ გვაქვს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე და რა რაოდენობით,” - ნათქვამია განცხადებაში.


უკრაინის დაზვერვა აღნიშნავს, რომ თავის მხრიდან უკრაინამ ყველა შეთანხმება შეასრულა ტყვეები გაცვლის მოსამზადებლად და რუსი ტყვეები დროზე იყვნენ მიყვანილი გაცვლის წინასწარ შეთანხმებულ ადგილას, სადაც უსაფრთხოდ იყვნენ.


„ამავდროულად, უკრაინული მხარე არ იყო ინფორმირებული ქალაქ ბელგოროდის რაიონში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროების შესახებ, როგორც ეს წარსულში არაერთხელ მომხდარა. უკრაინა არ იყო ინფორმირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაზე, მარშრუტებსა და ტყვეების მიყვანის ფორმებზე.


ცნობილია, რომ ტყვეები მიყვანა ხდება როგორც საავიაციო, ასევე რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტით. ეს შეიძლება, რუსეთის განზრახ ქმედებებზე მეტყველებდეს, რომლებიც ტყვეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნისკენ იყო მიმართული,” - ნათქვამია განცხადებაში.


ასევე აღნიშნულია, რომ საბრძოლო ქმედებების 30-კილომეტრიან ზონაში სატრანსპორტო თვითმფრინავის დასმა არ შეიძლება, იყოს უსაფრთხო და ნებისმიერ შემთხვევაში ორივე მხარის მიერ უნდა იყოს განხილული, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საფრთხის ქვეშ აყენებს გაცვლის მთელ პროცესს.

„აქედან გამომდინარე, შესაძლოა საუბარი იყოს რუსეთის დაგეგმილ და განზრახ ქმედებებზე უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციისა და ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო მხარდაჭერის დასუსტების მიზნით,” - ნათქვამია განცხადებაში.


შეგახსენებთ, ბელგოროდში დღეს რუსული სამხედრო-სატრანსპორო თვითმფრინავი Il 76 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბორტზე უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც რუს ტყვეებში გასაცვლელად მიჰყავდათ. მათივე ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაღუპულია.


ავიაკატასტროფის შემდეგ, RBC-Ukraine-ის წყაროები ამბობდნენ, რომ Il 76-ით რუსებს S-300-ის ტიპის რაკეტები გადაჰქონდათ, რომლითაც ოკუპანტები ხარკოვის რეგიონის დაბომბვას აპირებდნენ.