ირაკლი ღარიბაშვილი: იმედია, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს დიალოგს

"ირაკლი ღარიბაშვილი - დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ, ჩვენის მხრივ ვადასტურებთ სრულ მზაობას, გავაგრძელოთ დიალოგი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციიასთან პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით, დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.

ღარიბაშვილის თქმით, პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებული და ორგანიზებული დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე იყო მსჯელობა იმ საკითხებზე, რომელთა დაკავშირებითაც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება.

„დღეს გავმართეთ დიალოგი, ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, მმართველ პარტიას, ხელისუფლებას და ოპოზიციას. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომელზეც გაგვაჩნია ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება. ასევე მოვისმინეთ თითოეული მონაწილისგან დასმული კითხვები და მათ, რა თქმა უნდა, გავეცი პასუხი. ასევე ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება. რა თქმა უნდა, მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან, შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით და ჩვენს პოზიციას საზოგადოებას ვაცნობებთ. ევროპული საბჭოს რეკომენდაცია, მოწოდება და რჩევა იყო ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, ჩვენ ყველამ ერთად, ოპოზიციამ, ხელისუფლებამ, გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.