აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 24 იანვარს თითქმის ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ვაშინგტონს რუსული აქტივების ჩამორთმევისა და ამ აქტივების უკრაინისთვის გადაცემისკენ გზას გაუხსნის. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლი მხარს უჭერს რუსული აქტივების კონფისკაციას, მაგრამ ცდილობს, თავისი პოზიცია გაათანაბროს დიდი შვიდეულის (G7) სხვა მოკავშირეებთან, კერძოდ ევროკავშირთან, სადაც რუსული გაყინული აქტივების დაახლოებით ორი მესამედია.
სენატორმა ბენ კარდინმა, დემოკრატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კანონპროექტს აქვს ფართო მხარდაჭერა როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელებისგან სენატში და პალატაში, ასევე, ბაიდენის ადმინისტრაციისგან.
„გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევის გადაწყვეტილება კოლექტიურად უნდა იყოს მიღებული და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს სწრაფად მოხდეს,“ განაცხადა უკრაინაში ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა პენი პრიცკერმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს, 15 იანვარს.
კარდინის თქმით, აშშ-ში გაყინული რუსული აქტივების ღირებულება 5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მთელ მსოფლიოში კი, გაყინულია 300 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები.
ამასთან, ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა ამ კვირაში განაცხადეს, რომ ბლოკი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხრუსული ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების კონფისკაცია მოახდინოს, იტყობინება Reuters. ამის ნაცვლად, ევროკავშირი სხვა გზებს განიხილავს.
მსოფლიო ბანკმა 2023 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ უკრაინის რეკონსტრუქციის მთლიანი ღირებულება 411 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
კანონი ისტორიაში პირველად მისცემს უფლებას აშშ-ის ხელისუფლებას, რომ მოახდინოს იმ ქვეყნის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაცია, რომელთანაც აშშ ომში არ არის ჩართული.