პენტაგონის განცხადებით, უკრაინა ამერიკისგან 125 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს, რომელშიც შედის ორი შეიარაღებული საპატრულო კატერი, რომელიც ქვეყანას ტერიტორიული წყლების დაცვაში დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას Rferl.org-ი ავრცელებს.
Mark VI ტიპის ორი საპატრულო კატერის გარდა, დახმარების პაკეტში შედის საარტილერიო ცეცხლის წყაროების გამოსავლენად საჭირო რადარები, თანამგზავრული ფოტოების მიღების და დამუშავების აპარატურა, ტაქტიკური დანიშნულების საბრძოლო ტექნიკა და საველე, სამედიცინო აღჭურვილობა.
პენტაგონის განცხადებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის დარჩენილი 150 მილიონი დოლარი, რომელიც აშშ-ის კონგრესმა 2021 წლის ბიუჯეტში დაამტკიცა, მანამ არ გაიცემა, სანამ სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტები არ შეძლებენ დეპუტატებს დაუდასტურონ, რომ უკრაინას აქვს პროგრესი თავდაცვის მნიშვნელოვან რეფორმებში.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფინანსური პაკეტი უკრაინას დაეხმარება ტერიტორიული მთლიანობის და რუსული აგრესიისგან უფრო ეფექტურად დაცვაში. ამავდროულად ქვეყანა შეძლებს საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას.