„განვიხილეთ გზები, რომლითაც შეგვიძლია, საქართველოსთან პარტნიორობა გავაძლიეროთ“ - ვაშინგტონის შეფასებით, კორუფციასთან ბრძოლა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას მოითხოვს

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, „გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა რიჩარდ ნეფიუმ საქართველოში ვიზიტი 18 იანვარს დაასრულა. რიჩარდ ნეფიუ მანამდე სომხეთში იმყოფებოდა. ვიზიტის შესახებ მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მის ვიზიტზე მოკლე შეფასება გაავრცელა ამერიკის საელჩომ.

როგორც Europetime-სთვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მიწოდებული კომენტარიდან ირკვევა, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე, კონკრეტული პროექტების მიმდინარეობა და აქტივობები განიხილა.


„გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა რიჩარდ ნეფიუმ საქართველოში პროდუქტიული ვიზიტი ცოტა ხნის წინ დაასრულა. მან ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ანტიკორუფციულ ინსტიტუტებთან, საგამოძიებო ორგანოებთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან სასარგებლო და ინფორმაციული შეხვედრები გამართა.


კორუფციასთან ბრძოლა - განსაკუთრებით, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული ზრდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია და ის მოითხოვს საზოგადოების - დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას,“ წერს სახელმწიფო დეპარტამენტი საპასუხო კომენტარში.

აქვე აღნიშნავენ, რომ „ვიზიტის დროს კოორდინატორმა მოისმინა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-საქართველოს მიმდინარე პროექტებისა და აქტივობების შესახებ: „კოორდინატორმა ასევე განიხილა გზები, რომლითაც შეგვიძლია, ჩვენი პარტნიორობა გავაძლიეროთ.“