სომხეთი დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით - ფაშინიანი თბილისში

თბილისში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით“. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისას ქართველ კოლეგებს გააცნო სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი, - ინიციატივა, რომელიც მან თბილისში, „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე წარადგინა ოქტომბერში.


ჩვენი პროექტი მიმართულია რეგიონის ურთიერთობების ზრდისკენ და ამ პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოების სუვერენობის დაცვის საკითხი. ჩვენი რეგიონი შეიძლება, სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს რეგიონული ძალზედ მნიშვნელოვანი გზა და ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურობას. ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროექტებში, ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართ სომხეთს აქვს დიდი ინტერესი.

მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „მოისმინა ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტებისადმი, ისეთის, როგორიცაა შავი ზღვის კაბელის პროექტი.“


მისი თქმით, საქართველოს მსგავსად, სომხეთშიც ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდაა და ამ დინამიკის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

 „ისევე, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და მნიშვნელოვანია ამ დინამიკის შენარჩუნება. ასევე, ბატონ პრემიერთან კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ დეკემბერი იყო ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, თვე, 15 დეკემბერი  ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან საქართველომ მიიღო, მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ქვეყანა გახდა უკვე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, არამედ, რეგიონისთვისაც და კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ახლა აუცილებელია, გაგრძელდეს მაღალი ტემპით ახალ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა.


ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტებისადმი, ისეთი, როგორიც არის შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა პროექტები, რომლებზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. მსხვილ პროექტებს ვგულისხმობ, ბუნებრივიაასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს და ჩემს კოლეგას, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს და მის გუნდს და მინდა ვთხოვო და გადავცე სიტყვა,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


როგორც ცნობილია, შავი ზღვის კაბელის პროექტში სომხეთის ჩართვას ევროკავშირი  მხარს უჭერს.

გასული წლის 6 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში გამართული შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა  ერთობლივი განცხადება მიიღეს.

მისი მიხედვით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირი და სომხეთი მოწოდებულნი არიან, გააძლიერონ ეკონომიკური კავშირები.

„კომისია და სომხეთი გააორმაგებენ ძალისხმევას მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად. ევროკომისია მხარს დაუჭერს სომხეთის მონაწილეობას რეგიონულ პროექტებში, კერძოდ, შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტში აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, უნგრეთთან და რუმინეთთან ერთად,“ ვკითხულობთ 6 ოქტომბრის განცხადებაში. 

მოგვიანებით, 16 ნოემბერს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა „შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტში სომხეთის შეერთების მნიშვნელობას.“


25 იანვარს შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში პოტენციურ პროექტებსა და სავაჭრო გზებზე საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი აცხადებდა, რომ სომხეთის ჩართულობით არის დაინტერესებული აშშ-ც.

ასევე ცნობილია, რომ აშშ და ევროპა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან სომხეთის დაახლოების მიზნით, გეგმაზე მუშაობენ.


ცნობისთვის, შავი ზღვის კაბელის პროექტის დაწყებისას არსებული შეთანხმებით, აზერბაიჯანული ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვას, რუმინეთს და შემდეგ გაიყიდება უნგრეთში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებმა შეთანხმებას „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ 2022 წლის 17 დეკემბერს მოაწერეს.