შარლ მიშელი, კომპრომისის ოსტატი - France 24

შარლ მიშელი ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე დასახელებამდე ბელგიის პრემიერ მინისტრი (2014-2019) იყო.

„მიშელი, ბელგიის პრემიერ-მინისტრის გამოცდილებით, იდეალური იქნება წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის და ერთიანობის მოსაპოვებლად“, - ასე დაახასიათა ის მისმა კოლეგა დონალდ ტუსკმა, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე დაასახელეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტისთვის მთავარი თვისება კომპრომისის შექმნის უნარია. აქ კი იდეალურია ბელგიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე გამოცდილი, გონიერი ადამიანი", - განაცხადა ევროკავშირში საფრანგეთის ყოფილმა ელჩმა პიერმ სელალმა.

ფრანგული მედია წერს, რომ მიშელმა გააკვირვა ფრანგულენოვანი ისტებლიშმენტი 2014 წელს შეთანხმების მიღწევით, როდესაც კოალიცია შეიქმნა 4 პარტიისგან, რომელსაც ხუმრობით „კამიკაძის კოალიციას” უწოდებდნენ, რადგან მოლაპარაკებები ფორმირებასთან დაკავშირებით 138 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კოალიციაში ცენტრისტი, ქრისტიან - დემოკრატიული და ლიბერალური პარტიები გაერთიანდნენ.

ბელგიის პრემიერ-მინისტრობიდან, შარლ მიშელი თანამდებობიდან 2018 წელს გადადგა მას შემდეგ, რაც პარტია „ახალმა ფლამანდიულმა ალიანსმა“ კოალიცია დატოვა.

ბელგიაში სამთავრობო კრიზისი 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში, მმართველ კოალიციაში მიგრაციის შესახებ გაეროს პაქტის ირგვლივ უთანხმოების გამო დაიწყო. სწორედ ამის გამო დაიშალა მმართველი კოალიცია, რამაც უბიძგა შარლ მიშელს მცირე მთავრობის შექმნისკენ.

შარლ მიშელი დაიბადა 1975 წლის 21 დეკემბერს, ნამიურის პროვინციის დედაქალაქ ნამიურში, მარტინ და ლუი მიშელების ოჯახში. 1999 წელს აირჩიეს ბელგიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატად. შარლ მიშელის მამა ლუი მიშელი 2004-2009 წლებში იყო ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი და განვითარების საკითხებში ევროკომისარი. 2000 წელს კი 25 წლის შარლ მიშელი, ბელგიის ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა ვალონიის პროვინციაში.

2019 წლის 2 ივლისს ევროპის საბჭოს 28 ქვეყნის ლიდერების სამიტზე ბრიუსელში შარლ მიშელი აირჩიეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტად. მოვალეობის შესრულებას შეუდგა ამავე წლის პირველი დეკემბრიდან და თანამდებობაზე იმუშავებს 2,5 წლის განმავლობაში.

მომზადებულია France24-ის და Euractiv-ის მიხედვით