ჩინეთი ირანს ჰუსიტების თავდასხმების შეკავებას სთხოვს - Reuters

Reuters-ი ოთხ ირანულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა ირანელ კოლეგებს სთხოვეს, დაეხმარონ წითელ ზღვაში გემებზე ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების თავდასხმების შეკავებაში.

პეკინსა და თეირანში ბოლოს გამართულ შეხვედრებისას, თავდასხმების და ვაჭრობის შესახებ დისკუსიები გაიმართა.

„ჩინეთი არსებითად ამბობს: თუ ჩვენი ინტერესები რაიმე სახით დაზარალდება, თეირანთან ჩვენი ურთიერთობა დაზარალდება. ასე რომ, ჰუსიტებს უთხარით, გამოიჩინონ თავშეკავება," განუცხადა წყარომ Reuters-ს.


გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ექსპერტის იან ჰოფმანის შეფასებით, წითელ ზღვაში გემებზე იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმებმა დიდი გავლენა მოახდინა სუეცის არხის გავლით ვაჭრობაზე და არხის გავლით ვაჭრობა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, 42 პროცენტით შემცირდა.


ამასთან, როგორც Reuters-ი წერს, თავდასხმებმა, გაზარდა ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ღირებულება აზიასა და ევროპას შორის საკვანძო სავაჭრო გზის შეწყვეტით, რომელსაც ფართოდ იყენებენ ჩინეთის გემები.


თავად ჩინელ ოფიციალურ პირებს არ გაუკეთებიათ კონკრეტული კომენტარი, თუ როგორ შეიძლება, დაზარალდეს პეკინის სავაჭრო ურთიერთობები ირანთან, თუ მის ინტერესებს ჰუსიტების თავდასხმები შეეხება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი იყო ირანის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მათი სავაჭრო ურთიერთობები ბუნდოვანია,“ წერს Reuters-ი.


ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა 16 იანვარს დაამტკიცეს ევროკავშირის საზღვაო მისიის შექმნა წითელ ზღვაში საზღვაო მიმოსვლის დასაცავად.

შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო წითელ ზღვაში ოპერაცია Prosperity Guardian დაიწყო, რომლის ირგვლივ 20-მდე პარტნიორისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნა.


ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს.