ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დელეგაციასთან ერთად ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანის პატივსაცემად ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა.

„ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს. პრემიერ-მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სტრატეგიული პარტნიორობა არაფორმალურ გარემოში განიხილეს. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისს 26 იანვარს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, რომლის დროსაც პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ფაშინიანმა 26 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით.“

ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ორ ქვეყანას შორის „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს“ მოაწერეს ხელი.