აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის გეგმაზე მუშაობს. ეს გეგმა 2024 წელს უკრაინის სასარგებლოდ ფრონტის ხაზზე რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ითვალისწინებს.
უკრაინული მედიის ცნობით, Washington Post-ი ამერიკის ადმინისტრაციაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიევისთვის ოფიციალურად გამოცხადებულ ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა ტერიტორიის დაბრუნება რჩება, თუმცა Washington Post-ის ინფორმაციით, უკრაინის მხარდაჭერის ახალი სტრატეგიის პროექტი ტერიტორიების განთავისუფლებაზე არ ამახვილებს ყურადღებას. ის ორიენტირებულია თავდაცვაზე, ასევე უკრაინის ეკონომიკის გაძლიერებაზე.
გამოცემა ციტირებს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს, რომელიც იცხადებს, რომ წელს უკრაინას გაუჭირდება ისეთი შეტევითი ოპერაციების გამეორება, რომელიც გასულ ზაფხულს დაიწყო. კონტრიერიშმა მხოლოდ შეზღუდულ წარმატებას მიაღწია და ვერ იყო მიღწეული ანექსირებული ყირიმის მიმართულებით ე.წ. სახმელეთო დერეფნის შექმნის სტრატეგიული მიზანი.
Washington Post-ი ასევე წერს, რომ დასავლეთის ქვეყნებს სურთ, კიევმა ყურადღება გადაიტანოს, კერძოდ, შორი რადიუსის სარაკეტო დარტყმებზე ანექსირებულ ყირიმში მდებარე შავი ზღვის ფლოტის და რუსეთის არმიის ობიექტებზე.
უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს შეიძლება, კონფლიქტის გაყინვისკენ ნაბიჯი იყოს, რაც ხელს რუსეთს აძლევს. ამავე დროს, კიევი აღიარებს, რომ ფრონტის ბევრ სექტორში, კერძოდ, კუპიანსკის მახლობლად, ბახმუტსა და ავდეევკასთან, ინიციატივას ამჟამად ფლობს რუსეთის არმია, რომლის წინსვლის ტემპი მინიმალურია სწორედ უკრაინის არმიის ეფექტიანი თავდაცვითი მოქმედების გამო.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.