"დაპირისპირება არსებობს ჩემსა და ერთ სუბიექტს შორის მარტო. ეს სუბიექტი გახლავთ კორონავირუსი", - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან შესაძლო დაპირისპირებაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.
ამირან გამყრელიძის თქმით, მას ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან დაპირისპირება არ აქვს.
"დაპირისპირება არსებობს ჩემსა და ერთ სუბიექტს შორის მარტო. ეს სუბიექტი გახლავთ კორონავირუსი - ეს დაპირისპირებულობა არსებობს, რომელსაც მე ვებრძვი უკვე წელიწადი და ერთი თვეა - ხან მე ვჯობნი მას, ვჯობნიდი სექტემბრის შუა რიცხვებამდე, მერე მან დამჯაბნა მე. შემდეგ დეკემბრის მეორე ნახევრიდან კვლავ დაიწყო ჩემი ამ ბრძოლაში უპირატესობა. დღეს ჯერჯერობით ისევ მე ვჯობნი მას. ვნახოთ, საბოლოოდ, როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა.
არავითარი დაპირისპირება მე ქალბატონ ეკასთან არ მაქვს, ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ - გასაგებია, რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია, განხილვა და კამათი გვაქვს, ეს ბუნებრივია, მაგრამ მე ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას", - განაცხადა გამყრელიძემ.