"ვადამდელი არჩევნები არის "წითელი ხაზი". ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატრიარქოში ვიზიტის შემდეგ.
მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს ვადამდელი არჩევნების ჩატარების ლეგიტიმური მიზეზი და ეს "წითელ ხაზად" რჩება:
"ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი. ეს არის "წითელი ხაზი". ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება". - აღნიშნა პრემიერმა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობა მართლმსაჯულების საკითხია და ხელისუფლება ვერ ჩაერევა.
"მე და ჩემი გუნდი ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე პარტიის ახირების თუ პირადი ინტერესებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ პარტიებს სურთ დიალოგის დაწყება, ჩვენ გავხსენით ფორმატი და მზად ვართ გავაგრძელოთ აღნიშნული ფორმატი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.