უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რთული სიტუაციის მიუხედავად, რუსეთის შეჩერება შესაძლებელია. ზელენსკიმ გერმანულ ტელეკომპანია ARD-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დღეს არსებული ძალიან რთული მომენტის მიუხედავად, შესაძლებელია, რომ რუსეთი გეოპოლიტიკურად და ფინანსურად შეაჩერონ და არ დაუშვან უკრაინის დანგრევა, ერის განადგურება, გლობალური მიგრაცია და მესამე მსოფლიო ომი.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ ამერიკის შეერთებული შტატები შეწყვეტს უკრაინის დახმარებას, ამას მხოლოდ ევროპა ვერ გაუმკლავდება, თუმცა თვლის, რომ ეს არ მოხდება.
„პირველ რიგში, მჯერა, რომ ეს არ მოხდება, რომ მარტო ევროპა არ დარჩება. საკითხი კომპლექსურია. პირველი: ევროპა მარტო ვერ გაუმკლავდება - იმ დონეზე, რომელზეც უკრაინა მხარდაჭერას აქამდე იღებდა - ვერც იარაღით და ვერც ფინანსურად. რატომ? იმიტომ, რომ, ალბათ, მთელი ევროპაც რომ გაერთიანდეს, ის შეძლებს საკმარისი მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას, მაგრამ შეერთებულ შტატებს გავლენა აქვს და როდესაც სიგნალები არ არის ძალიან დადებითი, მათ იგივე გავლენა აქვთ ზოგიერთ ევროპელ ლიდერზე," - აღნიშნა ზელენსკიმ.მას ასევე ჰკითხეს შესაძლებელია თუ არა, რომ ომი წელს დასრულდეს.
„უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის, გვჯეროდეს ხალხის, უკრაინის, გვჯეროდეს ჩვენი პარტნიორების და გვჯეროდეს მსოფლიოსი. ყოველი ომი მთავრდება. ძალიან რთულ მომენტში ვართ როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა, რუსეთის შეჩერება ამ ომით მაინც შესაძლებელია. შესაძლებელია, არ დავუშვათ უკრაინის განადგურება, ჩვენი ერის განადგურება, შესაძლებელია გლობალური მიგრაციის თავიდან აცილება, მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
2024 წლის 24 თებერვალს ორი წელი შესრულდება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.