ყაზახეთი და ევროკომისია შუა დერეფანთან დაკავშირებით შეთანხმების ხელმოწერას განიხილავენ

ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი ბრიუსელში ევროკომისარს ტრანსპორტის საკითხებში ადინა-იოანა ვალეანს შეხვდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყაზახეთისა და ევროპის სატრანსპორტო პოტენციალის განვითარების ძირითადი საკითხები განიხილეს. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს თანამშრომლობას ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) განვითარებაში.


ამავდროულად, მხარეებმა ევროკომისიასთან შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაც განიხილეს.

29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ  ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის ევროპული და საერთაშორისო ფონდებიდან ათი მილიარდი ევრო გამოიყოფა.


გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსურ სახსრებს ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს.

ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ ფორუმს, რომელიც ბრიუსელში იმართება, ესწრებიან ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ცენტრალური აზიის, კავკასიის ქვეყნები და თურქეთი. სხვა მონაწილეები არიან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები, ფინანსური ინსტიტუტები და კერძო სექტორი.


ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), რომელიც სამხრეთ ყაზახეთს კვეთს, ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება.

TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.

(TITR) ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე მოიხსენიებენ როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.

რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.


ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში.

აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს.

გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ.


კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა.

ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება.