რუსეთმა წლის დასაწყისიდან უკრაინაში 330-ზე მეტი რაკეტა და 600-მდე საბრძოლო თვითმფრინავი გაუშვა, ამიტომ უკრაინის ცაზე კონტროლი ძალზე მნიშვნელოვანია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.
„რუსებმა წლის დასაწყისიდან უკრაინის ქალაქებში 330-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და დაახლოებით 600 საბრძოლო დრონი გაუშვეს. უკრაინამ ტერორისტების ასეთ ზეწოლას რომ გაუძლოს, საჭიროა საკმარისად ძლიერი საჰაერო ფარი. და ეს არის იმ სახის საჰაერო ფარი, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჰაერო თავდაცვა და ელექტრონული ომი მთავარი პრიორიტეტებია.
„რუსული ტერორი უნდა დავამარცხოთ - ეს მიღწევადია," - განაცხადა ზელენსკიმ.
2024 წლის 24 თებერვალს ორი წელი შესრულდება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.