ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ცერნოჩოვამ და აშშ-ის ელჩმა ბიიან საბეტმა, ჩეხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმსა და მეხუთე თაობის F-35 თვითმფრინავების შესყიდვის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
„ამ მთავრობათაშორისი შეთანხმებით, ჩვენი ქვეყანა და არმია ახალ ეპოქაში გადადის. იმ ეპოქაში, როცა არამარტო ჯარისკაცების, არამედ, თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხითაც, ჩვენ ვიკავებთ ადგილს NATO-ს ევროპული წევრი ქვეყნების პირველ ლიგაში. მეხუთე თაობის თვითმფრინავები NATO-ს ავიაციის ხერხემალია,“ - განაცხადა ჩერნოხოვამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ და დასძინა, რომ ეს შენაძენი ჩეხეთის არმიის საბრძოლო ეფექტიანობას გაზრდის.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ჩეხეთის მთავრობამ 5,62 მილიარდი დოლარის ღირებულების 24 უახლესი თაობის F-35 მოიერიშე თვითმფრინავის შესყიდვა დაამტკიცა, რაც თავდაცვის ყველაზე ძვირადღირებული ერთიანი შესყიდვაა ქვეყნის ისტორიაში.
ისინი Gripen-ის ტიპის თვითმფრინავს ჩაანაცვლებენ, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკამ შვედეთიდან 2027 წლამდე იჯარით მიიღო. ოქტომბრის ბოლოს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხური იარაღის კომპანია LOM Praha, მის შვილობილ VR Group-თან ერთად, ქვეყანაში სერტიფიცირებული F-35-ის სასწავლო ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებებს Lockheed Martin-თან აწარმოებდა.