ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირველმა ნაბიჯებმა და განცხადებებმა რუსეთის მიმართ მოლოდინები გაზარდა, რომ ამერიკა უფრო მკაცრი და შეურიგებელი იქნება დემოკრატიული პრინციპების და ავტოკრატიული რეჟიმების მიმართ. საქართველოსთვისაც ეს შესაძლოა სწორედაც რომ ახალი შესაძლებლობა იყოს გაამყაროს ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზაზე თავის მისწრაფებები, თუმცა შიდაპოლიტიკურ კრიზისში ჩაძირული ქვეყნის მისამართით მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებიდან სულ უფრო და უფრო მეტი კრიტიკა ისმის...
გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს ახლანდელ პოზიციებზე, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობასა და ახალ ეგრეთ წოდებულ რეგიონული გაერთიანებების ინიციატივების მიმართ საქართველოს ინტერესებზე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საუბრობს.
_ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ მუშაობს იმაზე, რომ რუსეთმა ყირიმში განხორციელებული აგრესიისთვის პასუხი აგოს. ბოლო წლების განმავლობაში, ამერიკელი ლიდერების მხრიდან, თუ ყოფილა მსგავსი მესიჯი, რომ არამხოლოდ გმობს ანექსიას და აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ამერიკა მუშაობს იმაზე, რომ რუსეთმა პასუხი აგო. საქართველოსთან მიმართებაშიც ბაიდენის ადმინისტრაციამ არაერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, თუმცა არა ასეთი კონკრეტული. თქვენი შეფასებით, რაზე მიანიშნებს ამერიკის პრეზიდენტის ეს გზავნილები?
პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ეს გზავნილები. ხშირად საუბრობენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი ტესტი, რუსეთი და რუსეთთან დაკავშირებით მისი პოლიტიკა იქნება. რუსეთთან მიმართებით, ბაიდენის პოლიტიკის ტესტი მდგომარეობს იმაში, რა პოზიცია ექნება აშშ-ს იმასთან დაკავშირებით, რაც რუსეთმა ბოლო 12 წლის განმავლობაში მოიმოქმედა. კრემლის მხრიდან ობამას გადატვირთვის პოლიტიკით ბოროტად სარგებლობის შედეგად, დამდგარი რეალობაც ამ პერიოდის ნაწილია. მათ შორის ის, რაც საქართველოსა და უკრაინაში მოიმოქმედა.
ბაიდენის პოლიტიკა მთლიანად რუსული აგრესიული რევიზიონიზმის პასუხია, რომელიც პუტინმა 2008 წელს ღიად და თვალნათლად დაიწყო საქართველოში სამხედრო აგრესიით. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა გულისხმობს არამარტო რუსეთის შეკავებას, არამედ უკუქცევას, რაც ჯო ბაიდენმა, ენტონი ბლინკენმა და მათი გუნდის სხვა წევრებმა, სხვადასხვა კონტექსტში არაერთხელ დააფიქსირეს.
უკრაინის თემა პრინციპულად მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის, რადგან გარდა იმისა, რომ ყირიმის ანექსია საერთაშორისო ნორმების პრინციპებს არღვევს, გეოსტრატეგიულადაც ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ტერიტორია. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მიზანი იყო, რომ აღნიშნული ზონა იყოს რუსეთის ექსკლუზიური უფლებების და გავლენის ზონა.
ბაიდენის ადმინისტრაციისთვის სწორედ აქ არის გამოწვევა. ის გაჰყვება, ამ გავლენის ზონებად გადანაწილებას, თუ ფასეულობებზე აგებული საგარეო პოლიტიკა ექნება, სადაც მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო ნორმების დაცვა და ქვეყნების თავისუფალი არჩევანი.
ამიტომაც, ამ საგარეო პოლიტიკურ განტოლებაში, აშშ-ს სჭირდება საქართველოც, როგორც სტრატეგიული პარტნიორი. ჯერჯერობით, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ყველა კონკრეტული გადადგმული ნაბიჯი იყო სწორი. შემდგომ, როგორ გარდაიქმნება ეს კონკრეტულ პოლიტიკაში, საგარეო კუთხით, საინტერესო სანახავი იქნება და აი, როდესაც უკვე ბოლომდე დამტკიცდება საგარეო პოლიტიკური გუნდი, მერე უფრო მეტ კონკრეტიკას ვიხილავთ, ამ კუთხით.
_რაც შეეხება საქართველოს მიმართ აშშ-ის დამოკიდებულებას, ამერიკის მხარდაჭერის ხარისხის გაზრდა რა კონკრეტულ შედეგებში აისახება. რა მოქმედებებსა და ნაბიჯებში. ასევე, რა სარგებელს მიიღებს საქართველო, კონკრეტული პროექტების მაგალითზე?
აქ უკვე ორი კონკრეტული საკითხი არსებობს. როდესაც ვსაუბრობთ საქართველოსადმი მხარდაჭერაზე, აქ საუბარია იმაზე, საქართველო რა ფორმაში იქნება. იქნება თუ არა საქართველო ისეთი ქვეყანა, რომელიც ამერიკის მხარდაჭერას დაიმსახურებს, რადგან ბაიდენის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, დემოკრატიული დღის წესრიგი და დემოკრატიების მხარდაჭერაა. დემოკრატიის სამიტის იდეაც სწორედ ამას ემსახურება. თუ საქართველო დარჩება დემოკრატიულ ქვეყნად და ბოლომდე არ ჩავარდება არაფორმალურ მმართველობასა და ავტორიტარიზმში, მაშინ რასაკვირველია, აშშ-ისგან სხვა ხარისხის მხარდაჭერა ექნება.
_სწორედ ამ კონტექსტში, რაზეც თქვენ საუბრობთ, საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები, აისახება თუ თუ არა ამერიკის მხრიდან მხარდაჭერის ხარისხზე? თუნდაც ის ფაქტი, რომ ამერიკამ საუდის არაბეთის რამდენიმე პირს სანქციები დაუწესა, მის ყველაზე დიდ მოკავშირეს მუსულმანურ სამყაროში, არის თუ არა ეს მკაფიო გზავნილი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ღირებულებებს და ეროვნულ ინტერესებს ერთნაირი ყურადღებით მოეკიდება, განსხვავებით ტრამპის ადმინისტრაციისგან და კიდევ, ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს თუ არა, რომ საქართველოზე თვალს არავინ დახუჭავს, დემოკრატიის დასუსტების შემთხვევაში?
დღევანდელი მოცემულობა სტატიკური არ არის. ძალიან მოკლე პერიოდში გაირკვევა, ჩვენ დავრჩებით ამერიკის პოზიტიურ დღის წერიგში, თუ გავხდებით ბელარუსის მაგვარი ავტორიტარული სახელმწიფო. ამიტომაც, თეორიულად, თუ იმ ტრაექტორიას გავაგრძელებთ, რაც ქართველი ხალხის ღიად გამოხატული ნებაა - რომ იყოს დასავლური ევროპული დემოკრატია, მაშინ ბუნებრივია, ახლა არის საქართველოსთვის საუკეთესო მომენტი, რადგან დემოკრატიების მხარდაჭერა არის ბაიდენის ადმინისტრაციის ღიად დეკლარირებული ამოცანა.
ამერიკის საგარეო პოლიტიკაში რამდენიმე საკითხზე მუდმივი დებატი მიმდინარეობს, ერთ-ერთი არის ეს საკითხი - პრაგმატული ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, თუ ფასეულობითი კომპონენტები და ამ ორს შორის სწორი ბალანსის პოვნა. ბაიდენის დეკლარირებული პოლიტიკაა, რომ დემოკრატიული ფასეულობები არის მთავარი და ამაში სჭირდება პარტნიორები.
ბაიდენმა მიუნხენში თქვა, რომ ახლა ისტორიული მომენტია. ამ ახალ ისტორიულ მომენტში, საქართველო როგორ ჩაეწერება - როგორც ამერიკის სტრატეგიული დემოკრატიული პარტნიორი რეგიონში? ირგვლივ ასეთი ქვეყნები ცოტაა. სწორედ ეს განსაზღვრავს, როგორი პოლიტიკა ექნება ამერიკას საქართველოსთან მიმართებით. მთელი მისი პოლიტიკური რესურსი და დღის წესრიგი დაიხარჯება ბიძინა ივანიშვილის და რუსული ტიპის კლეპტოკრატიის შეჩერებაზე, თუ პირიქით, საქართველოს NATO-ში ინტეგრაციაზე. აი ამ ზღვარზე ვდგავართ ახლა.
რა მოხდება, დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება პროცესები ჩვენთან, ქვეყნის შიგნით. მეორე მხრივ, რამდენად ვერ მოახერხებს დღევანდელი საქართველოს მთავრობა რუსული ტიპის ავტოტორიტარიზმის რეალურად გაფორმებას და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ისე გაფუჭებას, როგორც დღეს უკვე ჩანს იმ განცხადებებში და ღია კრიტიკაში, რასაც ვისმენთ საერთაშორისო პარტნიორებისგან.
_თქვენი აზრით, სახელისუფლებო გუნდში არის ისეთი საკადრო რესურსი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის მყარად შენარჩუნებას და განვითარებას შეძლებს? ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებსაც დღეს შექმნილი მოცემულობის პოზიტიურისკენ შემობრუნების რაიმე ბერკეტები შეიძლება ჰქონდეთ, როგორც გუნდის შიგნით გადაწყვეტილებების მიღებისას, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის დასაბრუნებლად?
ბოლო პერიოდში, ჩემი ამერიკელი მეგობრები და პარტნიორები ინტენსიურად მეკითხებიან იგივეს. სასურველი იქნებოდა, ამაზე პოზიტიური პასუხი მქონოდა. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების ფორმალური მმართველობის ანატომია და მიტაცებული სახელმწიფოს ბერკეტები, რომლებიც სახეზეა, თითქმის გამორიცხავს ასეთი დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორების ყოფნას. ვხედავთ კიდეც, წინა პრემიერ-მინისტრების ისტორიის მაგალითზე. ნებისმიერი მათგანი, როგორც კი შეეცდება, ცოტა უფრო დამოუკიდებელი და პროდასავლური პროფილი შეიძინოს, ავტომატურად ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან დაკავშირებული ხედვიდან გამომდინარე, მყისიერად გაურკვეველ ვითარებაში ასრულებს კარიერას.
თუმცა, აქ არის უკუღმა ლოგიკაც. მე ვფიქრობ, რომ ასეთი აქტორები შეიძლება, გამოჩდნენ „ქართული ოცნების გუნდში“. არა იმიტომ, რომ იდეურად სჯერათ, არამედ სუფთა პრაგმატული მოსაზრებებით, თუკი ამერიკას და ევროკავშირს პროაქტიური პოლიტიკა ექნება საქართველოში.
თუ გავიხსენებთ, ასე ხდებოდა შევარდნაძის პერიოდშიც. როდესაც ამერიკას ჰქონდა უკვე დეკლარირებული პოლიტიკა საქართველოსა და რეგიონში, უსაფრთხოების, მათ შორის ენერგოუსაფრთხოების კუთხით (ბაქო-ჯეიჰანის პროექტი, იგივე პანკისის ხეობაში არსებული სიტუაციის მოგვარებაში დახმარება). მას შემდეგ, რაც გაჩნდა ღიად გამოხატული ამერიკული ინტერესი, ავტომატურად შევარდნაძის სახელისუფლებო გუნდშიც მოიმატა პროდასავლურმა განწყობებმა. მაშინ, ძალიან ცოტა იყო პროდასავლური, იდეალისტი პოლიტიკოსი და აქტორი. აი, ამ ღიად გამოხატულმა და დაფიქსირებულმა ინტერესებმა უბიძგა ბევრ აქტორს, რომ პრაგმატულად ემოქმედათ, მოტივაციის მიხედვით.
აქედან გამომდინარე, თუ იქნება აქტიური ამერიკული პოლიტიკა, მაშინ გაჩნდებიან ასეთი პოლიტიკოსებიც. საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის დღის წესრიგში დატოვება იქნება ძალიან ძლიერი ბერკეტი იმისთვის, რომ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობისკენ მიდრეკილი კლეპტოკრატიული სისტემა შეაჩეროს. პლუს, გააძლიეროს დემოკრატიული ინტერესები პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაშიც.
_აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განცხადა, რომ თუ საქართველოს სურს, შეუძლია შეუერთდეს მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას. მანამდე თურქეთის პრეზიდენტის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან რეგიონში ექვსთა პლატფორმის შექმნაზეც იყო საუბარი. ყარაბაღში დაგეგმილი ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნა კი, სწორედ ამ ხუთ ქვეყანას აკავშირებს. საქართველოს ინტერესებში, რამდენად შედის მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმაში ჩართვა?დასავლეთის პოზიცია როგორია ამ პლატფორმის მიმართ?
ნებისმიერ მოლაპარაკებაში უნდა ჩაერთო მაშინ, როდესაც ხელსაყრელი პოზიციები გაქვს. თუ არა, სჯობს საერთოდ არ ჩაერთო. თუ საქართველოში იქნება ავტორიტარული მმართველობა, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ქვეშ, დანარჩენი მსოფლიო კი გაგვაკრიტიკებს და იტყვის, რომ აღარ ვართ დემოკრატიული ქვეყანა და არც ევროპული მომავალი აღარ გვაქვს, ასეთ პირობებში რაიმე ტიპის ექვსთა ფორმატში შესვლა ნიშნავს, რომ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს ვერ დავიცავთ. საქართველოს ერთადერთი ძლიერი მხარე არის ის, რომ რეგიონში უნდა ვიყოთ დემოკრატიის შუქურა და ამის გამო გვქონდეს დასავლეთის და აშშ-ის მხარდაჭერა. აი ასეთ ტანდემში, ნებისმიერ ფორმატში შეგვიძლია მონაწილეობის მიღება, მაგრამ მაშინ, როდესაც დემოკრატიული უკანდახევის გამო გვაკრიტიკებენ, ჩვენი პოზიციონირება იქნება სუსტი, ბუნებრივია, ეს ფორმატი აბსოლუტურად წამგებიანია საქართველოსთვის და არანაირ სარგებელს არ მოგვიტანს.
ყველა საერთაშორისო ფორუმზე ვამბობ ხოლმე - საქართველო არ უნდა იდენტიფიცირდეს, როგორც სამხრეთ კავკასიური ქვეყანა. რაღაც რეგიონული ძალთა ბალანსის გადანაწილების ნაწილი კი არ უნდა ვიყოთ, არამედ აღმოსავლეთ ევროპის შავი ზღვის რეგიონის ევროპული ტიპის ქვეყანა.
სამხრეთ კავკასია ერთიანი გეოპოლიტიკური რეგიონი არ არის ბევრი მიზეზის გამო. შავი ზღვა კი უფრო გეოპოლიტიკური ერთეულია. ამიტომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს საქართველო თვითიდენტიფიცირდეს შავი ზღვის რეგიონის ევროპულ ქვეყნად.
ეს სამხრეთ კავკასიური ინდენტიფიკაცია ხელს აძლევს რუსულ ლოგიკას, რომ ეს არის რუსეთის და ძლიერი სახელმწიფოების გავლენის სფერო და ისინი თავისი ინტერესების მიხედვით დაალაგებენ ბალანსს. სწორედ შავი ზღვის ევროპულ ქვეყნად ყოფნა არის ის სტრატეგიული ხედვა, რომელიც უნდა გვქონდეს. მაგრამ დღეს, საქართველოს საგარეო პოლიტიკაში არც მსგავსი ხედვა ჩანს და უფრო მეტიც ამის საწინააღმდეგოდ მიჰყავთ ქვეყანაც და ქვეყნის ინტერესებიც.
_რაც შეეხება ყარაბაღის პლატფორმას, რამდენად უნდა ჩაერთოს საქართველო ან არ ჩაერთოს და რატომ?
ბევრი კონკრეტული ფაქტორიდან გამომდინარე, ჩვენ ორივე მეზობელთან კარგი ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ - ისტორიული, ეკონომიკური, პოლიტიკური. მნიშვნელოვანია, რომ ყარაბაღის თემაში, საქართველომ არა პასიური, არამედ აქტიური ნეიტრალიტეტის პოზიციონირება მოახდინოს. აქტიური ნეიტრალიტეტი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რეგიონში დასავლური ინტერესების მთავარი დასაყრდენი უნდა ვიყოთ. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, საქართველო უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ საქართველო. თავისი დემოკრატიული ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციით. მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებით თავის სასარგებლოდ უნდა გადახაროს ბალანსი.
ჩვენ ვერც მხოლოდ ფულით, ეკონომიკით ან შეიარაღებული ძალებით ვერ ვიპოზიციონირებთ ეროვნული ამოცანების მისაღწევად, თუ ეს ერთიანი სტრატეგიული ხედვის ნაწილი არ იყო, რაზეც ზემოთ ვისუბრე. ეს აქტიური ნეიტრალიტეტი სწორედ ამას ნიშნავს, რომ ჩვენი მორალური უპირატესობა რეგიონში დემოკრატიის და დასავლეთთან სწორი ურთიერთობებით იმდენად იყოს გაზრდილი, რომ იგივე ექვსთა ფორმატში, ჩვენი ინტერესების ხარჯზე არ მოხდეს რაღაცების გადანაწილება რეგიონში.
_ექვსვთა პლატფორმის შექმნა, ნიშნავს თუ არა რუსეთის გავლენების პირდაპირ გაძლიერებას ჩვენს რეგიონში?
ექვსთა არა, უკვე ხუთთა. კიდევ კარგი ჩვენმა საგარეო სამინისტრომაც განაცხადა, რომ არ ჩაერთვებიან, თუმცა ინსტიტუციურად მოშლილი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პირობებში ეს განცხადება არ წარმოადგენს გარანიტიას, რომ საწინააღმდეგო არ მოხდება.
_თუმცა 2020 წლის დეკემბერში პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ამ ფორმატზე და პოზიტიურ კონტექსტში ისაუბრა აღნიშნულ ინიციატივაზე?
სალომე ზურაბიშვილმა დეკემბერში რაც განაცხადა, ეს იყო წამგებიანი. მე ვფიქრობ, მას ეს თავისი ინიციატივით არ უთქვამს. ეს იყო ხელისუფლების მცდელობა, რეაგირება გაეტესტათ უბრალოდ, საერთაშორისო და შიდა რეაგირება იმდენად მწვავე იყო. სხვათა შორის, ესეც მომენტუმით სარგებლობის შემთხვევა იყო. ვიდრე აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, ახალ საგარეო პოლიტიკას დაალაგებდა, იყო მცდელობა, რომ ეს იდეა „გაეძვრინათ“. ეს არ არის ახალი იდეა - 2008 წელს,( აჰმედ დავით ოღლუ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) ომი ახალი დამთავრებული იყო, ეს იდეა რომ გააჟღერა თურქეთმა. რუსეთი სულ ცდილობს, საგარეო პოლიტიკის მიკრორეგიონალიზაცია მოახდინოს. საქართველოსთვის ასეთი ტიპის რეგიონალიზაცია წამგებიანია, ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ეს არის ევროპული დემოკრატიული იდენტიფიკაცია და არა სამხრეთ კავკასიური ავტორიტარული სახელმწიფო ან რაიმე ან სხვა ჰიბრიდული რეჟიმის სტატუსი.
როცა ვსაუბრობთ, რომ გეოპოლიტიკურად ევროპული ტიპის ქვეყნის იდენტიფიკაცია გვინდა, ეს მარტო განაცხადი არ არის. ამას, თან უნდა ახლდეს კონკრეტული ქმედებები და შესაბამისი პროექტები. მაგალითად, კონკრეტულ პროექტებს თუ გადავხედავთ, აქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია, გარდა ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სამხრეთ დერეფნისა, არსებობს ლოგისტიკური დერეფნის საკითხიც.
სწორედ ამ ლოგისტიკურმა დერეფანმა რომ ეფექტურობა შეიძინოს, „გრანდ სტრატეგია“ სჭირდება, რომელშიც უნდა შედიოდეს ანაკლიაც. ანაკლია არა როგორც საპორტო პროექტი, არამედ, როგორც გეოპოლიტიკური დერეფანი. „სტრატეგიქ ქონექტივიტი“, აი ეს „სტრატეგი ქონექტივიტი“ უნდა იყოს მთავარი იდეა, რომლითაც ჩვენ გეოპოლიტიკურ ფუნქციას შევიძენთ.